გიორგი ქვილითაიამ, მიმდინარე სეზონში კვიპროსში თავისი მეორე დუბლი შეასრულა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი აპოელი, სადაც ქვილითაიას გარდა, მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოდიან, სტუმრად ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
მე-11 წუთზე, როდესაც აპოელი 0:1 აგებდა, მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ქვილითაიამ მცველსს დაასწრო და „ცაციათი“ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
37-ე წუთზე ისევ მარცხენა ფრთიდან გაკეთებული პასის მერე, ქვილითაიამ ამჯერად თავით გაიტანა – 1:2. თუმცა, აპოელმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 88-ე წუთზე გოლი გაუშვა.
სტუმართა კაპიტანი ქვილითაია, რომელმაც ამ სეზონში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო, 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დვალი მოედანზე ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შევიდა. დაუშვილს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აკმარეს. აქვე გეტყვით, რომ ქვილითაიამ თასზე ჩატარებულ 2 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და „არისთან“ ასევე დუბლი მიითვალა.
აპოელი ჩემპიონობისთვის მებრძოლ ზედა ექვსეულს 62 ქულით ლიდერობს.

ლაშა თაბაგარი




