ერგემლიძის მესამე ბურთი მაკედონიაში, იმნაძე ყაზახეთში გოლით გალიდერდა

0
64

მიხეილ ერგემლიძემ მიმდინარე სეზონში ჩრდილოეთ მაკედონიაში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
25-ე ტურში „აკადემია პანდევი“, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი ზამთარში შეუერთდა სტუმრად „სტრუგასთან“ 1:3 დამარცხდა. ერგემლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:3 აგებდა, ერთი ბურთი გაქვითა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. „აკადემია პანდევი“ 20 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში „ყიზილ-ჟარმა“ გასვლაზე „აქტობეს“ 3:1 აჯობა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ლუკა იმნაძე იყო, რომელმაც ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. მან ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. „ყიზილ-ჟარის“ თადარიგში თამაზ მაქაცარია იმყოფებოდა, რომელიც მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. „ყიზილ-ჟარი“ 12 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლატვიის ვირსლიგაში თავისი პირველი გოლი ზურაბ რუხაძემ მიითვალა. „მეტა“, რომელშიც 19 წლის ფეხბურთელი გამოდის მე-3 ტურში „ტუკუმსს“ 2:1 სძლია და 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი სწორედ 19 წლის მარცხენა მცველმა მიითვალა, რომელიც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. „მეტამ“ პირველი შეხვედრა მოიგო და 3 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი