ბექა მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში ავსტრალიაში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. 22-ე ტურში „ნიუკასლ ჯეთსი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად „მელბურნ სიტის“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მასპინძლები 41-ე წუთზე კაცნაკლული დარჩნენ, რადგან ჯიმეისონმა 21-ე წუთზე პირველი ყვითელი მიიღო, ხოლო 20 წუთში მეორედ გააფრთხილეს და თამაშს გამოეთიშა.
31-ე წუთზე მიქელთაძემ პენალტიდან ანგარიში გახსნა. მან შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში მესამე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ბექა დარცმელია სტუმართა განაცხადში არ იყო. მასპინძლებმა ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გადაარჩინეს და გოლი თავის ანგარიშზე კაპუტომ ჩაიწერა.
„მელბურნ სიტი“ 42 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში „ანკარაგუჯუ“ გასვლაზე „ბაშაქშეჰირს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. ანკარელებში გიორგი ბერიძემ 86-ე წუთიდან ითამაშა. „ანკარაგუჯუ“ 25 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი




