„ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაარბია – სალაჰმა ფაულერის რეკორდი მოხსნა

0
20

იურგენ კლოპის გაწვრთნილმა „ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიეტდს“ ისეთი დღე აყარა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მანჩესტერელი გულშემატკივრები ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ.
მერსისაიდელებმა მეტოქის 7 უპასუხო გოლი გაუტანეს – დარვინ ნუნიესმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, კოდი გაკპომ და მოჰამედ სალაჰმა 2-2 გოლი მიითვალეს, ხოლო ერთი ბურთი თავის ანგარიშზე რობერტო ფირმინომ ჩაიწერა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წავა.
„მანჩესტერმა“ არსებობის ისტორიაში ასეთი ანგარიშით მეოთხე შეხვედრა წააგო. მანამდე, მანჩესტერელები 0:7 „ბლექბერთან“ (1926 წელი), „ასტონ ვილასთან“ (1930 წელი) და „ვულვერჰემპტონთან“ (1931 წელი) დამარცხდნენ.
1992 წლის შემდეგ, რაც პრემიერლიგა დაარსდა, „იუნაიტედი“ მსგავსი ანგარიშით პირველად დამარცხდა.
„ლივერპულმა“ „მანჩესტერს“ ბოლო 5 თამაშიდან 4 მოუგო. მათ შორის, 2 დიდი ანგარიშით – გუშინ 7 უპასუხო გოლი გატანის გარდა, მერსისაიდელებმა 2021 წლის ოქტომბერში მეტოქეს 5:0 აჯობეს, ხოლო 2022 წლის აპრილში – 4:0.
ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი 129 გოლით პრემიერლიგაში „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ინგლისის ნაკრების ექსფორვარდ რობი ფაულერის (128) შედეგი გააუმჯობესა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” წაუგებელი სერია ყველა ტურნირში შეწყდა – “ლივერპულთან” დაპირისპირებდე ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა 9 მატჩი მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
ლაშა თაბაგარი