“დელტამ” “ტიტები” დაამარცხა, “ბათუმმა” – თსუ

0
46

ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი სუპერლიგის 4 მატჩიდან პირველი დასრულდა. გურჯაანის დელტამ დაძაბულ ბერძოლაში – 91:82 დაამარცხა ტიტები და მოგებ-წაგებები გაითანაბრა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილ გურჯაანელებს 8 მოგების წილ 8 მარცხი გააჩნია და ცხრილის შუაში, მე-5 ადგილზე იმყოფება.
გურჯაანელებმა 7-მატჩიანი უიღბლო სერიის შემდეგ რაბილიტაცია მოახდინეს და ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი ტიტები ცხრილის ქვედა ნახევარშია და უპირველეს მიზნად სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნების გარანტიის მიღება  აქვს. ამის მისაღწევად, დღევანდელ მატჩში გამარჯვება ტიტებს ძალიან ხელს წააშველებდა და მიზნის მისაღწევად გუნდმა ყველაფერი გაიღო.
ტიტებმა თამაში შედეგიანად დაიწყო და პირველი პერიოდის ფრედ დასრულების შემდეგ მეტოქეს ჩამორჩა. მეორე ათწუთეულის შუაწელში გურჯაანელთა ლიდერობამ 17 ქულას (!) მიაღწია, რაც ირაკლი ძიძიგურის გუნდის გააზრებული, კომბინირებული თამაშის გამო მოხდა. ტიტები არ გატყდა და თამაშის შემობრუნება მაშინვე დაიწყო. დიდ შესვენებამდე ლეჟავას გუნდმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, ხოლო მესამეში ანგარიშიც გაათანაბრა და 5 ქულითაც დაწინაურდა. თამაში თანაბარ კალაპოტში ჩადგა და ბოლო წუთებამდე გუნდები ერთმანეთზე გადასწრებით მივიდნენ – ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან – მეორე, ფრეც არაერთხელ დაფიქსირდა. ბოლოს ტიტები საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე – 73:72 იგებდა, რის შემდეგაც ოთარ ფხაკაძის, ჯონ ვასარისა და ტიკარდო ლინჩის მექულეობით დელტამ გაქცევა მოაწყო. დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე გურჯაანელები 81:73 იგებდნენ, ანუ 3-წუთიანი მონაკვეთი 11:0 გაიქცნენ და ფაქტობრივად მატჩის ბედიც აქ გადაწყვიტეს.
ტიტები შეეცადა და ცოტაც რომ გამართლებოდა, კიდევ ერთხელ შემოაბრუნებდა მატჩს, მაგრამ გუნდის ლიდერებს – სანდრო სანაძეს, კენდრიკ ტომპსონს და აკაკი ლომოურს სროლები აღარ წაუვიდათ და მატჩიც გურჯაანელთა გამარჯვებით დასრულდა. დელტაში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო რიკარდო ლინჩი. 18 ქულა, 7 პასი და 3 ჩაჭრა ფხაკაძემ მოაგროვა, ჯონ ვასარის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ტიტები 20 ქულით, 8 პასითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ტომპსონი. სანდრო სანაძემ გუნდს 18 ქულა შესძინა.
უშუალო კონკურენტების მატჩი, რომელშიც თსუ-მ “ბათუმს” უმასპინძლა, სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა პრინციპულ მეტოქესთან მძიმე დაპირისპირება კლასიკურად მოიგეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფებმა გამართული, დალაგებული და მიზანმიმართული თამაშით მძლავრ მეტოქეს საქმე მალევე მოუთავეს.
თსუ ამბიციური და არავისზე ნაკლები გუნდი რომ არაა, შემადგენლობიდან ჩანს. ლექსო ლაფანაშვილის გუნდს ეროვნული ნაკრების 3 მოთამაშე – გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური და მიხეილ ბერიშვილი ჰყავს, რომლებსაც სუპერლიგის მთავარი მექულე (25.8 საშუალოდ) ჯიმონ ჰენსონი და პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდან გადმოსული მალკოლმ დრამრაითი დაუმატეთ, რომ არაფერი ვთქვათ კიდევ 2-3 სოლიდური კლასის მოთამაშეზე. ასეთი შემადგენლობით თსუ-ს სამართლიანად აქვს ჩემპიონობის ამბიცია, თუმცა მიმდინარე სუპერლიგაში ცხრილში მეზობელ გუნდებთან უჭირს და აქამდე ჩატარებული 16 მატჩიდან მოგება-წაგებები თანაბრად აქვს.
მესამე პერიოდის ახალგაწყებულზე ბათუმი 40:36 იგებდა, თუმცა თსუ-მ თავისი რეალური ძალა გამოაჩინა, როცა 3-წუთეული 12:0 მოიგო და 48:40 გალიდერდა. თავი ჯიმონ ჰენსონმა, მიხეილ ბერიშვილმა და ბექა ბექაურმა გამოიჩინეს. ბათუმმა აქ ტაქტიკა შეცვალა და გაუმართლა. სტუმრებმა დაცვის მარყუჟები მოუჭირეს, რომლის დაძლევაც თსუ-ს უჭირდა და ახლა უკვე ბათუმელებმა მოაწყვეს გაქცევა და ბოლო პერიოდს ლიდერის ამპლუაში შეხვდნენ – 58:56.
ბოლო მეოთხედში ბრძოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა ბათუმელებმა ისე კარგად ითამაშეს, რომ შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თამაშის ბედი გადაწყდა. აჭარულმა გუნდმა 18-ქულიან ლიდერობას მიაღწია, რისი გაბათილებაც არათუ თსუ-ს, ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა. ბათუმელების წარმატების იარაღი მეტი შრომა და ნაკლები გამართლებაა. კარგი დაცვის ფონზე ზღვისპირელებს ქულების მოპოვება უიოლდებოდათ და ლიდერობას მანამ ზრდიდნენ, სანამ გული სამშვიდობოს არ დაიგულეს.
საბოლოოდ ბათუმმა  86:80 გაიმარჯვა და 7 წაგების წილ 8 მოგება დააგროვა. ზღვისპირელებს 32 ქულითა და 7 მოხსნით კაილი რდლიმ ულიდერა. 14 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ბრენდონ ელსტონმა მიითვალა. ჯორდან სეშენსის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება.