კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის ცენტრალური შეხვედრა სამტრედიაში შედგა, სადაც ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და გუნდებმა უფერულ დაპირისპირებაში ქულები გაიყვეს – 0:0.
მატჩის სანახაოებრივ მხარეზე დიდი გავლენა კლიმატურმა პირობებმა მოახდინდეს. ძლიერი წვიმის გამო ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი ალაგ-ალაგ დატბორილი იყო და პირველ ტაიმში გარდა იმისა, რომ ფეხბურთელებს სირბილი უჭირდათ, ბურთი გუბეებშიც ხშირად ჩერდებოდა.
შეხვენებაზე წვიმამ გადაიღო და მოედანიც ნაწილობრივ გაშრა, ყოველ შემთხვევაში ბურთი მეტ-ნაკლებად გორავდა და გუბეებიც აღარ იყო. თუმცა, ამის მიუხედავად რეალური საგოლე მომენტი არცერთ კართან შექმნილა. ყველაზე სახიფათო მე-80 წუთზე ბარბადოსელი გეილის გარღვევა იყო, რომელიც ქუთაისელთა საჯარიმოში ორ მეტოქეს გაცდა და დაარტყა, მაგრამ როინ კვასხვაძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
„ტორპედოს“ ვერც შესვლაზე შესულმა ნიკა კაჭარავამ და გიორგი არაბიძემ უშველა – კახა ჩხეტიანის გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრაა გოლი ვერ გაიტანა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით „დილა“ სამტრედიაში 16 ფეხბურთელით ჩავიდა, რადგან გუნდს ნიკა გაგნიძე და ონორე გომისი აკლდნენ. გორელები შემადგენლობის შევსებაზე ზრუნავენ და გადაწყვეტილია, რომ გუნდში უკრაინელი ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი დაბრუნდა. 27 წლის ფეხბურთელი „დილაში“ 2018, 2019 და 2020 წლებში თამაშობდა. მას საუკეთესო სეზონი 2018 წელს ჰქონდა, როდესაც 31 მატჩში 21 გოლი გაიტანა. კოვტალიუკმა გასული სეზონი ყარაგანდას „შახტიორში“ გაატარა, სადაც ყაზახეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ასევე, „დილაში“ ითამაშებს 30 წლის მცველი მალხაზ გაგოშიძე, რომელიც გორელთა ღირსებას 2017 წელსაც იცავდა. მან განვლილ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მარტვილის „მერანში“ გაატარა, ხოლო მანამდე 4 წელი ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა.




