კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის ბოლო მატჩი გორში გაიმართა, სადაც თბილისის „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის მე-10 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი გაბრიელ სიგუა შეეცადა ქუსლით პასი პარტნიორისთვის გაეკეთებინა, მაგრამ ბურთი სამტრედიელთა მცველს მოხვდა და ისევ დინამოელს მიუვიდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
34-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა პენალტი „პანენკას სტილში“ შეასრულა და მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა.
24-ე წუთზე დავით კობოური „სამტრედიას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი მაროკოელ იმრანს მისცა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით დაიმორჩილა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გუნდის კაპიტან დავით სხირტლაძის დარტყმის შემდეგ, მცველს ფეხში მოხვდა ბურთი, რომელიც „დინამოში“ დაბრუნებულმა სერბმა ზორან მარუშიჩმა კარში თავით გადაგზავნა. მისი გოლი “დინამოსთვის” საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში 2500-ე აღმოჩნდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „სამტრედიასტან“ გამარჯვების შემდეგ 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
დღესვე, გია ცეცაძის გაწვრთნილმა „თელავმა“ გაგა კირკიტაძის დამოძღვრილ „გაგრას“ რუსთავში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში დაუხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.





