პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს. ამის შესახებ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ განაცხადა.
„უახლოეს ორ მატჩში „ნანტთან“ და „ბაიერნთან“ ნეიმარი ვერ ითამაშებს. ამიტომ, ჩვენი თავდაცვის ზღუდე უფრო კომპაქტური და მჭიდრო იქნება. ნეიმარის გარეშე ჩვენ ორი ნახევარმცველის მაგივრად სამი ნახევარმცველი და ორი შემტევი ფეხბურთელი გვეყოლება.
ვერ ვიტყვი, რომ ნეიმარის არყოფნა უმნიშვნელო მოვლენაა. ჩვენთვის ეს სერიოზული დანაკლისია“ – ციტირებს გალტიეს rmcsport.bfmtv.co.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 1-ში პსჟ-„ლილის“ (4:3) მატჩის დროს დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ პირველი შეხვედრა შინ მიუნხენელებთან 0:1 წააგო.





