მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან სამი ქულით დამარცხდა 77:80, კუნძულელების მსგავსად მოგება-წაგების ერთნაირი ბალანსი გაუხდა, რეიკივიაკიკში ჩვენებმა ასევე სამი ქულის სხვაობით, 88:85 იმარჯვეს და დამატებითი მაჩვენებლების წყალობით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ!!!
“თბილისის არენაზე” ჩატარებული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა ისლანდიის ნაკრებმა ტოლი არაფერში დაგვიდო და მთელი შეხვედრა ქულა-ქულაზე გვეთამაშა.
პირველი ტაიმი ისლანდიის მინიმალური უპირატესობით წარიმართა, პირველ მეოთხედში 19:19 ფრე დასრულდა, ხოლო მეორე მეოთხედში 24:23 დავმარცხდით.
მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა 18:19 წააგო, ხოლო მეოთხე მეოთხედში 17:18 დავმარცხდით.
ისევე როგორც ნიდერლანდებში წინა ტურის მატჩის მსვლელობისას, ჩვენი ნაკრების საუკეთესო ტრიო კვლავ გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და თად მაკფადენი იყო. შერმადინმა 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, შენგელიას ანგარიშზე 20 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 2 დაფარება დაირიცხა, მაკფადენმა კი 17 ქულას 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიამატა.



საბოლოოდ L ჯგუფიდან საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთისა და იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.
2023 წლის მუნდიალი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.
ტურნირის ფორმატის თანახმად, 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი ოფში გააგრძელებს.
წილისყრა 29 აპრილს შედგება, თუმცა, ცნობილია იმ არჩევანის შესახებ, რომელიც მასპინძელმა ქვეყნებმა გააკეთეს. მოგეხსენებათ, მასპინძლებს უფლება აქვთ ჯგუფში თითო მეტოქე ჯერ კიდევ წილისყრამდე დაასახელონ. შედეგად, უკვე ვიცით, რომ აშშ-ს ნაკრები ფილიპინებში ითამაშებს, სლოვენია – იაპონიაში, ხოლო კანადა – ინდონეზიაში.
ილიას ზუროსი:
„ეს არის უბედნიერესი დღე ჩემს საკალათბურთო კარიერაში. ბიჭებმა დიდი სიმამაცე გამოიჩინეს. ამ მოგებით ჩვენ დავწერეთ ისტორია და პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე.
თორნიკე შენგელიამ საოცარი რამ ჩაიდინა – ოთხ დღეში ბევრი იმგზავრა და სამი მატჩი ითამაშა. ეს დაუჯერებელია. სასიხარულია, რომ შრომა დაუფასდა.
მადლობა გიორგი შერმადინს. მან, ისევე, როგორც ყველა კალათბურთელმა, თამაშში გული და სული ჩადო. მადლობა ყველას.
გადამწყვეტი მოგება იყო ესპანეთთან თბილისში და გამარჯვება ისლანდიაში, რამაც საშუალება მოგვეცა დღევანდელი მინიმალური წაგებით შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით.
მიხარია, რომ მთელი საქართველო გავახარეთ. მინდა მთელი გულით მადლობა გადავუხადო საქართველოს. ბედნიერი ვარ, რომ მთელი ქვეყანა გავახარეთ“.

გოჩა კაჭარავა





