კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შარშანდელმა ვიცეჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ ახალი სეზონი აჭარულ დერბიში გამარჯვებით დაიწყო.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა საშინაო არენაზე ელიტაში დაბრუნებულ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და 2:1 გაიმარჯვეს.
მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში ბათუმელთა ახალწვეულმა ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ცოტნე ფაცაციას მოხვდა და კარში აღმოჩნდა – 1:0.
61-ე წუთზე ფაცაციამ პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. ბათუმელებმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოაგებინა, რომელმაც 74-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
დღესვე, თბილისის „საბურთალომ“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. გასულ შეხვედრაში „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ომარ თეთრაძის ოფიციალური დებიუტი შედგა, რომელსაც მანამდე საქართველოს ჩემპიონატში არასოდეს უმუშავია. ის ფეხბურთელობისას ეროვნულ პირველობაზე ოზურგეთის „მერცხალში“ გამოდიოდა, ვიდრე კარეირას რუსეთში გააგრძელებდა.




