„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში შინ „ბარსელონას“ 2:1 აჯობა და ვინაიდან ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 2:2 დასრულდა, ინგლისური გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.
განვლილი შეხვედრის მე-18 წუთზე სტუმრები რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.
47-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ფრედმა გაათანაბრა, ხოლო 73-ე წუთზე კატალონიელების კარი ანტონიმ აიღო და ეს გოლი საბოლოოდ გამარჯვების აღმოჩნდა.
ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბარსელონა“ 2008 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა – მანამდე, ესპანელებმა 4 თამაში მოიგეს და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მანჩესტერელები ყველა ტურნირში ზედიზედ 9 მატჩია არ აგებენ – 7 გამარჯვება და 2 ფრე.
„ბარსელონამ“ ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 19 მატჩში პირველად წააგო -გასული წლის ოქტომბრის შემდეგ გუნდს 16 მოგება და 2 ფრე ჰქონდა.
ხავის ხელმძღვანელობით „ბარსელონა“ ბოლო 14 თვის მანძილზე ევროთასებს 4-ჯერ გამოეთიშა. გარდა ამისა, მისი თავკაცობით კატალონიელებმა ევროთასებზე გამარრთული 16 თამაშიდან მხოლოდ 4 მოიგო.




