ხვიჩა კვარაცხელია: “იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ”

0
49

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ “ნაპოლის” ფეხბურთელებმა მომდევმო მატჩებში თამაში იმავე სულისკვეთებით უნდა გააგრძელონ, როგორიც მანამდე ჰქონდათ. მან ამის შესახებ იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში სტუმრად “სასუოლოსთან” 2:0 მოგებული მატჩის მერე დაწერა, რომელშიც ანგარიში საუცხოო გოლით გახსნა. ხვიჩამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და მას მერე რაც სამ მცველს გასცდა საჯარიმოში ოდნავ შესულმა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
“საუცხოოა ბიჭებო! ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ” – დაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის გარემარბმა სოციალურ ქსელში.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირში 24 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანის გარდა, 13 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი მონაგარი 3 გოლი და 4 საგოლე პასია. გარდა ამისა, მან სამი პენალტი “გამოიმუშავა”.
კვარაცხელია 1930 წლის შემდეგ “ნაპოლის” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში 10 ან მეტი გოლი გაიტანა.