ლიდერთაგან “კაკტუსმა” მოიგო, “კავკასია” დამარცხდა…

0
31

სუპერლიგის ბოლო ადგილზე მყოფი “ვერა” პირველზე მყოფ “კაკტუსს” შეხვდა და ბრძოლაში დამარცხდა. ვერელებს შემადგენლობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, რაც ლეგიონერთა ტრავმებით იყო გამოწვეული. გუნდს მათი შეცვლა მოუხდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი 2 ლეგიონერის ამარა დარჩა. წინ მთელი მეორე წრეა და ვერელები ბოლო ადგილის თავის დაღწევას ეცდებიან, თუმცა ამ გადმოსახედიდან, ეს მისია რთული შესასრულებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდები ხვდებოდნენ, მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ვერა ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა შანსს. ის კი არა, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე დერიკ ნიქსის ზუსტი სროლის შემდეგ ვერელებმა ლიდერობა მოიპოვეს – 58:57. კაკტუსისთვის ეს გამოდგა განგაშის ზარი და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა მოთამაშეებმა დარჩენილ დროში მეტოქეს აჯობეს.
გამოსარჩევია რაიან ალენისა და ჯეისონ კოპმანის შედეგიანობა, რომლებმაც მორიგეობით მითვილი ქულებით ვერას გასამარჯვებლად საკმარისი გამარჯვება დაუბევეს. საბოლოოდ მატჩი კაკტუსელთა 11-ქულიანი გამარჯვებით – 82:71 დასრულდა. საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა ჯეისონ კოპმანს, რომელმაც 17 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 18 ქულა და 10 მოხსნა სედრიკ ალლეის ანგარიშზეა. 16 ქულით რაიან ალენი გამოირჩა. ვერელთაგან 26 ქულით, 10 მოხსნითა და 5-5 ჩაჭრა-პასით საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძ. ბორის თორთლაძის ანგარიშზე 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.

სახელის გამოცვლა “მეგას” სასიკეთოდ წაადგა, რომელსაც ამიერიდან “მარგვეთი” ეწოდება. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდის ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწია ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან და სუპერლიგაში იმერეთის ამ ქალაქს წარმომადგენელი ეყოლება. ხელშეკრულება მალე გაფორმდება, კლუბის ლოგოც შეიცვლება, მანამდე კი გუნდმა დასახელება უკვე შეიცვალა და პირველსავე შეხვედრაში ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.
ცხრილის ბოლოდან მესამე ადგილზე მყოფმა “მარგვეთმა” სნაიპერული თამაშით სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “კავკასია” დაამარცხა. ჩერქეზიშვილის გუნდის წევრებმა 17 სამქულიანი ჩააგდეს, რაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონის მეორე საუკეთესო შედეგია “ტიტების” 20 სამიანის შემდეგ.  ამ 17-დან 3 “მარგვეთის” ახალწვეულ ტობიას ჰოვარდზე მოდის, რომელმაც 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა პერიმეტრსმიღმიდან. ისედაც კარგი მსროლელების მყოლ გუნდს კიდევ ერთი ჩუბინი კალათბურთელი შეემატა და “მარგვეთმაც” უპირატესად შორი სროლების ხარჯზე დაამარცხა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე.მართალია, შეხვედრა საბოლოოდ 6-ქულიანი სხვაობით დასრულდა, თუმცა ბრძოლა ამ შეხვედრაში მხოლოდ ბოლო წუთებზე იყო, როცა კავკასიელებმა 27-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ეს მარგვეთელთათვის დიდი გამოწვევა იყო. ამხელა ლიდერობის განიავების შემდეგ ჩერქეზიშვილის გუნდი არ გატყდა და ერთხელ ლამის გარანტირებულად მოგებული მატჩი მეორედ და საბოლოოდ მოიგო – 89:83.  როგორ მოხდა, რომ “მარგვეთმა” პირველ ნახევარში ამხელა უპირატესობას მიაღწია? ზუსტი შორი სროლებითა და კარგი დაცვით.
მეორე ნახევარში კავკასიის მწვრთნელმა, ბექა წივწივაძემ გუნდი მაქსიმალურად მომართა. სწორი ტაქტიკაც შეარჩია და შეხვედრა, რომ იტყვიან, შემოაბრუნა. ეს ძირითადად პერიმეტრის გადაკეტვითა და ბრძოლის ველის ფარქვეშ გადატანით მოახერხა, სადაც ფრთები გაშალა ეროვნული ნაკრების წევრმა, ილია ლონდარიძემ. საბოლოოდ კავკასიელების დამარცხებაში მაინც 3-ქულაინმა ითამაშა მთავარი როლი, რომელიც ზაკ უოლტომა მაშინ ჩააგდო, როცა დასრულებამდე 2 წუთით ადრე წივწივაძის გუნდმა ჩამორჩენა მინიმუმამდე (81:82) შეამცირა.
გამარჯვებულთაგან ერთბაშად 6-მა მოთამაშემ უწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც მარკქუს გილსონი (18 ქულა, 10 მოხსნა) და ზაკ უოლტონი (17 ქულა) გამოირჩნენ. 12 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა რონი როზიეს ანგარიშზე დაგროვდა. ახალწვეულმა ტობიას ჰოვარდმა დებიუტი 15 ქულით აღნიშნა. კავკასიაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა ილია ლონდარიძეს – 25 ქულა, 11 მოხსნა. აიზია ელისმა 16 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.
ამ წაგებით კავკასია ქულით დაშორდა ლიდერ კაკტუსს, მარგვეთი კი 4 მოგებით ქუთაისს გაუთანაბრდა. სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 3, 4 და 5 თებერვალს გაიმართება.

 

გოჩა კაჭარავა