რუდი ფიოლერი ისევ გერმანიის ნაკრებში იმუშავებს

0
25

რუდი ფიოლერი გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. ის ბუნდესნაკრების ახალი მენეჯერი იქნება. მან ამ თანამდებობაზე ოლივერ ბირჰოფი შეცვალა, რომელიც ეროვნული გუნდიდან მას მერე წავიდა, რაც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე გერმანელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ფიოლერი თანამდებობაზე სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით დანიშნა, რომელიც ნახსენები ორგანიზაციის პრეზიდენტმა ბერნდ ნოიენდორფმა და ვიცეპრეზიდენტმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ მოიწვიეს. ჯგუფში კარლ-ჰაინც რუმენიგე, ოლივერ კანი, მათიას ზამერი და ოლივერ მინცლაფი შედიოდნენ. ფიოლერი მოვალეობის შესრულებას 1 თებერვლიდან შეუდგება.
ის გერმანიის ნაკრებს 2000-2004 წელს ავარჯიშებდა და მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, სადაც ბრაზილიასთან 0:2 დამარცხდა. ფიოლერი ნაკრებიდან წასვლის შემდეგ 2005 წლიდან დღემდე ლევერკუზენის „ბაიერის“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა.
ფიოლერი ბუნდესნაკრებში 1982-1994 წლებში გამოდიოდა. ამპლუით ფორვარდმა 90 მატჩში 47 გოლი გაიტანა. მან 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო 4 წლით ადრე – ვერცხლის. გარდა ამისა, ფიოლერს ვერცხლის მედალი ევროპის 1992 წლის პირველობაზეც ერგო.