„იუნაიტედმა“ მანჩესტერული დერბი მოიგო – რაშფორდმა რონალდუს მიღწევა გაიმეორა

0
20

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერში შედგა, სადაც ადგილობრივი „იუნაიტედი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ მეტად საჭირო სამი ქულა აიღო.
მე-60 წუთზე „სიტის“ ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინის მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მას მერე რაც კაზემიროს გაცდა, ზუსტი გადაცემა ჯერ გრილიში გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა – 0:1.
78-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან კაზემიროს გადაცემის შემდეგ, მანჩესტერელთა კაპიტანმა ბრუნუ ფერნანდეშმა საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობაში მარკუს რაშშფორდი იყო, რომელიც ბურთისკენ კი გაიქცა, მაგრამ საბოლოოდ მას არ შეხებია და ამიტომ, მთავარმა მსაჯმა გვერდითან თათბირის შემდეგ გოლი ჩათვალა.
82-ე წუთზე, გარნაჩომ პირველ ცდაზე ზუსტი პასი ვერ გაუკეთა „სიტის“ საჯარიმოში გახსნილ რაშფორდს, რადგან ხელი ნათან აკემ შეუშალა, მაგრამ ბურთი ისევ ახალგაზრდა ესპანელს დარჩა, რომელმაც უკვე კარის წინ გახსნილი რაშფორდი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში შეაგდო – 2:1.
რაშფორდმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგნელობაში ყველა ტურნირში ზედიზედ შვიდ მატჩში გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს გაუტოლდა, რომელმაც ეს 2008 წელს მოახერხა.
„იუნაიტედმა“ ბოლო ოთხ შეხვედრაში პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი „სიტი“ პირველად დაამარცხა. ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „იუნაიტედმა“ ზედიზედ 9 მატჩი მოიგო და 38 ქულით მე-3 ადგილზეა – ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „სიტის“ ქულით.