შერმადინის 25 ქულა, MVP-ის ტიტული და სამეფო თასის საგზური

0
60

გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში მატჩის MVP კიდევ ერთხელ გახდა. ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში “ტენერიფე” “უნიკახას” ესტუმრა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრის კარგი თამაშით 91:84 დაამარცხა.
შერმადინმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო მოედანზე გატარებულ არასრულ 30 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.
მთლიანობაში,  შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36 შეადგინა და აღნიშნული მატჩის საუკეთესო შედეგი ხომ დააფიქსირა, მას ასევე კარგი შანსი აქვს, ტურის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულიც მოიპოვოს.
“ლენოვო ტენერიფემ” 11 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, ამასთან, “რეალს”, “ბარსელონასა” და “ბასკონიას” მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება. ამ გამარჯვებით “ტენერიფემ” ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობა გაინაღდა. ეს ნიშნავს, რომ თასამდე დარჩენილ დროში  (თებერვლის შუა რიცხვები) “ტენერიფე” სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს არ ჩამოსცდება.
ტენერიფელები მომდევნო მატჩს კი, 14 იანვარს სტუმრად, შერმადინის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ჩაატარებენ.