თორნიკე კაპანაძე ბათუმის „დინამოსთვის“ შეუტევს. შავიზღვისპირული კლუბის პრესსამსახურმა გორის „დილას“ ექსფორვარდის დამატება დაადასტურა. 30 წლის კაპანაძემ ბოლო ორ სეზონში „დილას“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 51-ჯერ ითამაშა და 19 გოლი გაიტანა. ის კარიერის განმავლობაში „დილას“ გარდა „სამტრედიაში“, „სამგურალში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „ზესტაფონში“ და თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა.
ბათუმელებთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას 29 წლის უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკოც შეუდგება, რომელიც „დინამოსთან“ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს. ტკაჩენკო სამშობლოში 8 სეზონი პრემიერ ლიგის პოლტავის „ვორსკლაში“ თამაშობდა, ხოლო ერთი სეზონის პირველი ლიგის „ჰირნიკ-სპორტში“ გაატარა.





