„ვალენსიასთვის“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ახალი წლის პირველი მატჩი ლა ლიგაში უიღბლო აღმოჩნდა.
ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „კადისს“ უმასპინძლა, რომელი ამ გამარჯვებამდე გასავარდნ ზონაში იყო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრებმა ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე გაიტანეს, როდესაც სობრინომ მარჯვენა ფლანგზე გრძელი რეიდი განახორციელა და საჯარიმოში შეჭრილმა პასი ალკარასს გაუკეთა, რომელმაც მამარდაშვილისგან მარჯვენა კუთხეში აუღებლად დაარტყა.
ამის შემდეგ ქართველ მეკარეს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ მასპინძლებიც ძალიან უკბილოდ უტევდნენ და საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ. „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ზედიზედ 2 შეხვედრა წააგო და 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.





