ქობულეთის “შუქურას” მფლობელებს მიაჩნიათ, რომ გარე ძალები კლუბის დისკრედიტაციას ცდილობენ. ამის თაობაზე განცხადება კლუბის ადმინისტრაციამ გაავრცელა:
“შუქურას” ინვესტორი და მენეჯმენტი აღიარებს დროებითი ფინანსური შეფერხებების ფაქტს, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ იდგმება ნაბიჯები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, დავალიანების გასასტუმრებლად და 2023-ის სეზონისთვის გუნდის მოსამზადებელი პერიოდის დასაგეგმად.
გარე ძალები ცდილობენ კლუბის დისკრედიტაციას და შუქურასთან დაკავშირებით არასასურველი მოლოდინების შექმნას. ამასთან, ობიექტურობისათვის საჭიროა მეტი დეტალები გავაჟღეროთ. კლუბში, სულ 50-მდე ადამიანია დასაქმებული. გუნდის სახელფასო ყოველთვიური ბიუჯეტი 160 000 ლარი იყო. საშუალოდ, ფეხბურთელებს 3500 ლარი ჰქონდათ ხელფასი. როცა იგივე ლიგაში საშუალო ხელფასი 1000 ლარია. შესაბამისად წლის განმავლობაში გუნდში ინვესტიციამ უკვე 2 მილიონ ლარს მიაღწია.
კლუბის ინვესტორის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ინფრასტრუქტურის საკითხი, რაც შუქურას სამომავლო წარმატებებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, მთავარი საფუძველი გახდება. თუ შუქურას ბედი მართლაც გაინტერესებთ და გაღელვებთ, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი და უსაფუძვლო უარყოფითი დასკვნებისგან. ძალიან მალე ყველა დაინახავს, თუ რა დადებითი ძვრები განხორციელდება კლუბის განვითარების მიმართულებით”.
შეგახსენებთ, რომ “შუქურა” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.





