ხორვატიამ ბრინჯაოს მედლები მეორედ მოიგო

0
52

ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მეორედ მოიპოვა. ბალკანელებმა მსგავსი შედეგი პირველად 1998 წელს საფრანგეთში თავის სადებიუტო მუნდიალზე აჩვენა.
ზლატკო დალიჩის გაწვრთნილი გუნდი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
შეხვედრის მე-7 წუთზე ხორვატებმა ჯარიმის გათამაშების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც მყოფმა პერიშიჩმა თავით პასი გვარდიოლს მისცა, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან 112 წამში ზიეჩმა ჯარიმიდან პასი აფრიკელთა საჯარიმოში გააკეთა და გვარდიოლის თავიდან ბურთი ლივაკოვიჩის კარის წინ მდგომ დარის მიუვიდა, რომელმაც თავით გაიტანა – 1:1.
42-ე წუთზე ხორვატების შეტევის დროს ლივაიამ მაროკოელთა საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი ორშიჩი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით შორეულ კუთხეში მოჭრა ბურთი, რომელიც ჯერ მეკარე ბონოს თითებს შეეხო, ხოლო შემდეგ გვერდით ძელს და კარში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში მაროკოს თავდამსხმელ ენ ნესირის ანგარიშის გათანაბრება ორჯერ შეეძლო. მას ჯერ გვარდიოლის მიერ თავით ცუდად მოგერიებული ბურთი მიუვიდა, მაგრამ კარის წინ აღმოჩენილმა ლივაკოვიჩს ვერ აჯობა.
შეხვედრის ბოლო წუთზე ენ ნესირიმ ხორვატების საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა მისი თავურის მერე ბურთი კარს მცირე მანძილით გადაცდა.
შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ ხორვატებმა რუსეთში გამართულ მუნდიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მაროკო კი პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც ამ ტურნირის ოთხეულში მოხვდა.
ხორვატებს კუთვნილი მედლები ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გადასცა.
გვარდიოლი 20 წლის და 328 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ხორვატი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. მან ივიცა ოლიჩის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2002 წელს იტალიასთან თავი 22 წლის და 267 დღის ასაკში გამოიჩინა.
მოდრიჩი პირველი მინდვრის მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდივე მატჩი 37 ან მეტი წლისამ ჩაატარა. მანამდე, ასეთი შედეგი იტალიელ დინო ძოფს (1982) და ინგლისელ პიტერ შილტონს (1990) ჰქონდათ.