ლიონელ მესის თქმით დარწმუნებული იყო, რომ არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან მატჩს თავის სასარგებლოდ გადაწყვეტდა. არგენტინელთა კაპიტანმა ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/2-ფინალში ხორვატიასთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ბევრი სხვადასხვა ემოცია მაქვს. ეს ყველაფერი საუცხოოა. ძალიან კარგია ყველა ამ ადამიანის და ჩემი ოჯახის წევრების ხილვა მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში. წინ, ბოლო მატჩისკენ. ჩვენ სწორედ ეს გვინდოდა.
მე ვერ გეტყვით ჩემი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატია თუ არა. თამაშით უკვე დიდი ხანია ვტკბები. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ დასახულ ამოცანას თავს გავართმევდით. ვიცით რას წარმოვადგენთ და ხალხს ვთხოვდით, რომ ჩვენი ერწმუნა. არგენტინა ისევ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია და მოდით ამით დავტკბეთ.
ჩვენ როგორც რთული სიტუაციები გვქონდა, ასევე – კარგი მომენტები. დღეს საუცხოო დრო გვიდგას. ტრიბუნებზე მყოფ ყველა გულშემატკივრებთან და ასევე, მათთან ერთად ვზეიმობ, ვინც არგენტინაშია. წარმომიდგენია იქ რა სიგიჟე ხდება.
ვიცოდით, რომ მთავარი ფავორიტები არ ვიყავით. მაგრამ არავისთვის არაფრის დათმობას ვაპირებდით, რასაც ყოველ შეხვედრაში ვაჩვენებდით. გათავისებული გვქონდა, რომ ხორვატიას ბურთი ხშირად ექნებოდა, რადგან ძალიან კარგი ნახევარდაცვა ჰყავს. თუმცა, კარგად მოვემზადეთ. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც თამაშის წაკითხვა შეუძლიათ.
სკალონიმ გვითხრა: „მათ იციან როგორ უნდა მოითმინონ და ბურთი დაიჭირონ, როდესაც მისი დაჭერა საჭიროა“. ჩვენ ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, რომელიც მცირე დეტალებსაც კი ყურადღებას აქცევს“ – იუწყება არგენტინის ნაკრების ტვიტერის გვერდი მესის ნათქვამს, რომელმაც ხორვატებთან მატჩში პენალტი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.





