გიორგი მამარდაშვილი: „ხვიჩას მაისური უკვე მთხოვა რამდენიმე თანაგუნდელმა“

0
179

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე, საკლუბო ფეხბურთისთვის აღარავის
სცალია. 18 დეკემბრამდე, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარიც მხოლოდ
კატარისკენ იყურება. ამასობაში, მუნდიალს მიღმა დარჩენილმა ფეხბურთელებმა
რამდენიმე კვირა დაისვენეს, დეკემბრიდან კი, მათმა უმეტესობამ ვარჯიშები
განაახლა. ესპანეთში დაბრუნდა „ვალენსიას“ მეკარე გიორგი
მამარდაშვილიც. ახალი წლის მოედანზე შეხვედრამდე (ესპანური ლა ლიგის
მომდევნო მატჩს, „ვალენსია“ 31 დეკემბერს გამართავს), საქართველოს ნაკრების
კარის დარაჯი რამდენიმე ამხანაგურ მატჩში ითამაშებს, იქამდე კი, 22 წლის
გოლკიპერმა ინტერვიუ მოგვცა. იმის
მიუხედავად, რომ ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი
ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელთან საუბარი აუცილებლად
დაგაინტერესებთ:
– გიორგი, ბოლომდე გაითავისეთ, რომ ესპანური კლუბის ძირითადი მეკარე ხართ
და თქვენი სატრანსფერო ფასი, უკვე ათეულობით მილიონს აღწევს?
– დიახ, უკვე „მჯერა“, რომ ესპანური ლა ლიგის კლუბის პირველი მეკარე ვარ.
თუმცა, ეს არაფერს ცვლის – ეს მხოლოდ დასაწყისია. მით უმეტეს, რომ ჯერ
კიდევ დასახვეწი მაქვს თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტი.
– თქვენი თამაშით ჩვენც კმაყოფილი ვართ და სპეციალისტებიც. ოღონდ, იმავეს
ვერ ვიტყვით თქვენს კლუბზე. რა არის „ვალენსიას“ არასტაბილური თამაშის
მიზეზი?
– პირველ რიგში, ალბათ, ის, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც
„ვალენსიაში“ თბილად დაგხვდათ და ყველანაირად გეხმარებოდათ, კლუბის
ძირითადი მეკარე სილესენიც იყო. რამდენიმე თვეში, გუნდის პირველი
გოლკიპერი მამარდაშვილი გახდა, სილესენმა კი სათადარიგოთა სკამზე
გადაინაცვლა. ცხადია, კონკურენცია სპორტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ…
ერთგვარ უხერხულობას ხომ არ გრძნობდით ჰოლანდიელი თანაგუნდელის
მიმართ?
– მესმის, რასაც გულისხმობთ. სილესენი მართლაც ძალიან დამეხმარა და მისი
მადლიერი ვარ. თუმცა, უხერხულობის განცდა ნამდვილად არ მქონია –
მწვრთნელმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცა და შანსი აუცილებლად
უნდა გამომეყენებინა. ასევე მოიქცეოდა ნებისმიერი სხვა მოთამაშე.
– როცა ვალენსიაში ჩახვედით, ესპანური ენა არ იცოდით. ამჟამად როგორ არის
საქმე?
– ახლა, გაცილებით უკეთ ვიცი ესპანური ენა. ბევრი რამ მესმის, უკვე,
ლაპარაკსაც ვახერხებ და ბუნებრივია, ესპანელ თანაგუნდელებთან და კლუბის
წევრებთან ურთიერთობაც გამიადვილდა.
– იმის მიუხედავად, რომ უცხო ქვეყანაში, საქართველოს ჩემპიონატისგან
აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდით, „ვალენსიას“ მაისურით
ნათამაშებ საწყისი მატჩებში შეცდომები არ დაგიშვიათ. თუმცა მერე იყო
სათადარიგოთა სკამზე გატარებული პერიოდი… რას გრძნობდით იმ დროს?
გქონდათ ერთგვარი დეპრესია, ან კლუბის მიტოვების სურვილი? რა/ვინ
დაგეხმარათ რთული პერიოდის გადალახვაში?
– იოლი ნამდვილად არ იყო: ახალი კლუბი, უცხო ენა და გარემო, თუმცა საწყისი
ექვსი მატჩი კარგად ვითამაშე. რაც შეეხება სათადარიგოთა სკამზე გატარებულ
რამდენიმე კვირას, ბუნებრივია, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების და გულშემატკივრების თანადგომით, ბევრი ვარჯიშითა და მონდომებით,
ძირითად შემადგენლობას დავუბრუნდი.
– ესპანეთში გადაბარგების შემდეგ, არაერთ უძლიერეს კლუბსა თუ
ფეხბურთელს დაუპირისპირდით. რომელი მატჩ(ებ)ი გახსოვთ
განსაკუთრებულად? შეგიძლიათ, გამოარჩიოთ ყველაზე სახიფათო
თავდამსხმელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
– ბევრი საინტერესო და დაძაბული მატჩი იყო, გამიჭირდება გამორჩევა. თუნდაც –
ესპანეთის თასის ნახევარფინალი „ბილბაოს“ წინააღმდეგ და სხვ. ყველაზე
სახიფათო ფორვარდები? ესპანეთის ჩემპიონატში უამრავი უმაღლესი დონის
თავდამსხმელია: ლევანდოვსკი, ბენზემა… ობამეიანგიც ძალიან კარგი იყო გასულ
სეზონში.
– როგორია „შიგნიდან დანახული“ ლა ლიგა, რა განასხვავებს ესპანეთის უმაღლეს
დივიზიონს ევროპის სხვა წამყვანი ლიგების (და მით უმეტეს – საქართველოს)
პირველობებისგან?
– განსხვავება ბევრია. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მთავარი სხვაობა,
ალბათ, ის არის, რომ ლა ლიგის ყველა კლუბი ძალიან სწრაფად თამაშობს. დიდი
მნიშვნელობა აქვს მოედნის საფარსაც – კარგ მინდორზე ბურთი გაცილებით
სწრაფად მოძრაობს.
– გიბრალტარის „ვიქტორია სთედიუმის“ მედია-ტრიბუნიდან კარგად ჩანდა,
როგორ გადაეხვიეთ ერთმანეთს თქვენ და გიორგი ლორია, როცა ტრავმირებული
თანაგუნდელი შეცვალეთ. 36 წლის გიორგი ლორიას თქვენზე 70 მატჩით მეტი
აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში, თუმცა… შორს აღარ არის დრო, როცა ერთი
გიორგი მეორეს „გადაულოცავს“ ეროვნული გუნდის კარს. ამაზე თუ
გისაუბრიათ? ყველაზე ხშირად, რაზე ლაპარაკობთ ხოლმე სანაკრებო შეკრებების
დროს? გიორგის რჩევები ძალიან სასარგებლო იქნება თქვენთვის, საკლუბო და
სანაკრებო სპეციფიკა ხომ განსხვავებულია…
– დიახ, ასეა და ლორისთან მართლაც ხშირად ვსაუბრობ, სულ ცდილობს,
გამიზიაროს თავისი უდიდესი გამოცდილება… მისი რჩევები ძალიან მეხმარება,
ბევრ რაღაცას ვსწავლობ. საერთოდაც, გუნდში გიორგი ლორიასთან ერთად
ყოფნა, ახალგაზრდა მეკარისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა.
– 2000 წლის იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს უფლება აქვთ,
ითამაშონ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც გაისად
საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდული და
ეროვნული ნაკრებების მატჩები ერთმანეთს ემთხვევა. მესმის, რომ ჯერ ადრეა
ამაზე ლაპარაკი, მაგრამ… როგორ გგონიათ, რომელ ნაკრებში ითამაშებენ
მამარდაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი და სხვა ახალგაზრდა
ფეხბურთელები?
– მართალი ხართ, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. დღეს, მხოლოდ იმის თქმა
შემიძლია, რომ იმ გუნდში ვითამაშებთ, რომელზეც ფეხბურთის ფედერაცია და
სამწვრთნელო შტაბები შეჯერდებიან.
– დღეს, ქართველ ფეხბურთელთაგან, ყველაზე ხშირად, კვარაცხელიას და
მამარდაშვილის გვარები ისმის. კი ამბობთ – ჩვენზე არ მოქმედებსო, მაგრამ…
რთული არ არის, ახალგაზრდა ფეხბურთელს თავში არ აუვარდეს საყოველთაო
სიყვარული და პოპულარობა? არ დაიჯეროს, რომ უკვე მიაღწია წარმატებას და
ამან ხელი არ შეუშალოს?
– პირადად მე, ეს აჟიოტაჟი ხელს არ მიშლის. პირიქით, ორმაგად ვარ
მოტივირებული, რომ უფრო მეტი გავაკეთო, მართლაც მივაღწიო წარმატებას.
– რადგან გამოცდილება ვახსენეთ, ცალკე უნდა გკითხოთ ურუგვაელ ედინსონ
კავანიზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეუერთდა „ვალენსიას“: შედეგიან
ფორვარდს უთამაშია სერია ა-ს კლუბებში, ვარსკვლავურ პსჟ-ში, „მანჩესტერ
იუნაიტედში“… „ვალენსიაშიც“ შედეგიანად ათამაშდა. სხვათა შორის, სამი
სეზონის განმავლობაში, კავანი „ნაპოლიშიც“ თამაშობდა. თუ იცით, დღემდე აქვს კონტაქტი ნეაპოლურ კლუბთან? ხვიჩა კვარაცხელიაზე ხომ არ
გისაუბრიათ?
– მუნდიალზე გამგზავრებამდე, კავანის კოჭი აწუხებდა, თუმცა, კატარში მაინც
გაემგზავრა და როგორც ვნახეთ, ითამაშა კიდეც. ედინსონი ძალიან კარგი
ფეხბურთელი და ადამიანია, თანაგუნდელების მოტივირებაც კარგად გამოსდის.
რაც შეეხება ხვიჩას, მასთან დაკავშირებით, ურუგვაელს ჩემთვის არაფერი
უთქვამს.
– კვარაცხელიამ საქართველო და იტალია რომ გადარია, ვიცით, მასზე უკვე ყველა
ქვეყანაში წერენ და ლაპარაკობენ. ესპანეთში როგორი გამოხმაურება აქვს ხვიჩას
თამაშს?
– ხვიჩას შესახებ სულ მელაპარაკებიან ჩემი თანაგუნდელები – ძალიან მაგარიაო!
ისე მოსწონთ, რამდენიმე მათგანმა უკვე კვარას მაისურიც მთხოვა!
– გიორგი მამარდაშვილი რას იტყვის კვარაცხელიაზე? რა არის ხვიჩას
წარმატებული თამაშის საიდუმლო?
– კვარას თამაშს „საიდუმლო“ არ აქვს – ყველა კარგად ხედავს, რომ ხვიჩა ძალიან
ნიჭიერია და უდიდესი პროფესიონალი! ამავე დროს, ძალიან თავმდაბალი,
შრომისმოყვარე და მოტივირებულიც. ამ თვისებების დამსახურებაც არის,
უმაღლეს დონეზე რომ თამაშობს.
– სექტემბერში, „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივეთ.
გრძელვადიანი ხელშეკრულებები სტაბილურობის განცდაც არის, ერთგვარი
დაფასებაც და ცხადია – მარკეტინგული/კომერციული გათვლაც…
– კლუბის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. ჩემთვის კი, ხანგრძლივი ვადით
გაფორმებული ხელშეკრულება სტაბილურობის განცდაც არის, დაფასებაც და
ახლა, კიდევ უფრო მოტივირებული ვარ.
– ვილი სანიოლზე და მის წარმატებულ მუშაობაზეც გკითხავთ: ფრანგ
მწვრთნელს გაუმართლა, რომ ასეთ შემადგენლობასთან უწევს მუშაობა, თუ ეს
შედეგები (მათ შორის – გუნდში შექმნილი ატმოსფერო), პირველ რიგში – მისი
დამსახურებაა, მისი არჩეული სტილისა და ტაქტიკის შედეგი?
– ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება არასწორი იქნება: ბოლოდროინდელი
წარმატებული თამაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სამწვრთნელო შტაბის,
ფეხბურთელების ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა – არ შეიძლება ვინმეს
გამოყოფა.
– 2024 წლის გაზაფხულზე, უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში ყაზახეთს
ვუმასპინძლებთ, იქამდე კი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებია.
რას იტყვით ჩვენს მეტოქეებზე და შანსებზე?
– შესარჩევ ეტაპზე ძალიან რთული მეტოქეები გვყავს, თუმცა ჩვენი გუნდი ისეთ
კარგ ფორმაშია, ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეგვიძლია წარმატებით თამაში.
– რამდენიმე სიტყვა ვთქვათ მაროკოსთან ამხანაგურ მატჩზეც: აფრიკელებს
როგორი ძლიერი გუნდიც ჰყავთ, მუნდიალზეც კარგად გამოჩნდა. მაგრამ ეს არ
ამართლებს საქართველოს ნაკრების უფერულ თამაშს. გასაგებია, რომ გვაკლდა
ძირითადი შემადგენლობის არაერთი მოთამაშე, მათ შორის – ხვიჩაც. მაგრამ ასეთ
დროს, უფრო მეტად არ უნდა მოენდომებინათ იმ ფეხბურთელებს, სხვა დროს
იშვიათად რომ ეძლევათ შანსი? სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ძალიან ნელ ტემპში,
თითქოს, მოტივაციის გარეშე თამაშობდა… როგორ ფიქრობთ, რა დაგვაკლდა?
„შვებულების“ პერიოდმა მოთამაშეები მოადუნა, თუ მაროკო იყო
განსაკუთრებულად მოტივირებული?
– იგრძნობოდა, რომ მაროკოს ნაკრები ჩვენზე გაცილებით მოტივირებული იყო. ეს
არც არის გასაკვირი – მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ. ჩვენ კი,
როგორც ამხანაგურ მატჩზე, ისე გავედით და ალბათ, სწორედ ეს იყო
კონცენტრაციის ნაკლებობის მიზეზი. შეგვეძლო, უფრო უკეთ გვეთამაშა.
– მეორე ბურთი ჰაკიმ ზიეშმა მოედნის თავისივე ნახევრიდან გაგვიტანა. კარიდან
საკმაოდ შორს იყავით გამოსული, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ…
იყო იმ ბურთის აღების შანსი?
– ასეთი რამ ათასში ერთხელ ხდება… იმ სიტუაციაში ვერაფერს შევცვლიდი.
– მოწინააღმდეგის ნახევრიდან, ბურთი უამრავ უმაღლესი დონის გოლკიპერს
გაუშვია. თუმცა, ალბათ, მაინც ძალიან განიცადე…
– დიახ, ის განვიცადე, რომ გოლი გავუშვი… თორემ კიდევ ვამბობ – მაგარი გოლი
იყო და ვერაფერს ვიზამდი.
– ამ წაგებით, შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი დაუმარცხებელი
სერია. იქნებ, ამხანაგურ შეხვედრაში მარცხი კარგიც იყოს და საკვალიფიკაციო
ეტაპს უფრო მოტივირებულები შეხვდეთ!
– ვნახოთ. დრო გვიჩვენებს, როგორ ვითამაშებთ მარტში.
 რას იტყვით კატარში მიმდინარე მუნდიალზე?
– მხოლოდ ის არ მომწონს, რომ მუნდიალი არასაფეხბურთო ქვეყანაში იმართება.
სხვა მხრივ, ყველაფერი კარგად მიდის.
– კატარში რომელ მეკარეს გულშემატკივრობთ?
– როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ნოიერს ვგულშემატკივრობდი. წლევანდელ
ტურნირზე, ყველაზე მეტად შვეიცარიის ნაკრების მეკარის – იან ზომერის თამაში
მომწონდა, მაგრამ მგონია, რომ წელს, მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები
გახდება.
– გისურვებთ, თქვენც მალე გამოსცადოთ მუნდიალზე თამაშის მიღებული
სიამოვნება… და მაინც – რა არის გიორგი მამარდაშვილის ოცნება?
– დავტოვო ჩემი სახელი დიდ ფეხბურთში!

რატი შელეგია