„ტორპედოს“ მეხუთე თასი

0
55

ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონი ტიტულით დაასრულა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნლმა გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა. ქუთაისელები ფინალში თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს შეხვდნენ, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ფინალში გასული მე-4 ლიგის პირველი გუნდია.
„ტორპედომ“ თასი არსებობის მანძილზე მეხუთედ მოიგო და ამისთვის 10 ფინალი დასჭირდა. ქუთაისელები ამ მაჩვენებლით მხოლოდ თბილისის „დინამოს“ ჩამორჩებიან, რომელიც თასს 13-ჯერ ფლობდა.
„ტორპედომ“ ბოლო სამი თასი ჩხეტიანის ხელმძღვანელობით აღმართა – 2016, 2018 და 2022 წლებში. ის თასზე გამარჯვებათა რაოდენობით მხოლოდ ლეგენდარულ დავით ყიფიანს  ჩამორჩება, რომელმაც ჯილდო 3-ჯერ თბილისის „დინამოსთან“ ერთად მოიპოვა, ხოლო ერთხელ – ქუთაისის „ტორპედოსთან“. იგი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორეა, რომელმაც თასი როგორც ფეხბურთელმა და მწვრთნელმა აღმართა. პირველი ეს თბილისის „დინამოს“ ექსფორვრადმა და ყოფილმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ მოახერხა.
44 წლის სპეციალისტი გუნდში წლევანდელი სეზონის მსვლელობისას დაბრუნდა. ბოლო წლებში „ტორპედოს“ წარმატება სწორედ ჩხეტიანის სახელს უკავშირდება. თასზე გამარჯვების გარდა, მან 2017 წელს გუნდს ეროვნულ ლიგაში გაამარჯვებინა, ხოლო 2018 და 2019 წლებში საქართველოს სუპერთასი ააღებინა. ცნობისთვის ჩხეტიანს „ტორპედოს“ მაისურით საქართველოს ჩემპიონატი 2-ჯერ (2000, 2001) და თასიც (1999, 2001) ამდენჯერ მოუგია,
„ტორპედო“ მატჩამდე გამოკვეთილი ფავორიტი იყო და ეს სტატუსი ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილებთან ორი ტაიმის განმავლობაში ეჭქვეშ ერთი წუთით არ დაუყენებია. 24-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიორგი კუხიანიძემ მცველებს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და მისი თავურის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 29-ე წუთზე მარცხნიდან გიორგი ქიმაძის გადაცემის მერე, თბილისელთა საჯარიმოში მყოფმა პარაგვაელმა ლეგიონერმა პედრო კაბალიერომ „მაკრატელა“ დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. 35-ე წუთზე „ტორპედოს“ კუთხურის შემდეგ, 16 წლის სოსო კოპალიანმა, რომელიც თავის გუნდში საუკეთესო იყო, ჯერ პორტუგალიელი პედრო მონტეიროს ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია, ხოლო შემდეგ – მერაბ გიგაურის.
38-ე წუთზე, მარჯვიდან გეგეჭკორის მორიგი ჩაწოდების შემდეგ, კოპალიანმა პირველ ჯერზე ბურთი კარგად ვერ მოიგერია, მაგრამ კაბალიეროს გოლის გატანაში ხელი მაინც შეუშალა, ხოლო მეორე ცდით ტყავის სფერო ხელებში დააფიქსირა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში გიორგი არაბიძემ თბილისელთა საჯარიმოში ერთ მეტოქეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო, მაგრამ მარჯვენა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.
53-ე წუთზე, არაბიძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ლოკომოტიველთა მცველების შეცდომის მერე, კაბალიეროს მიუვიდა ბურთი, რომელიც ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი ზუსტად დაარტყა – 1:0. კაბალიერო პირველი პარაგვაელია, რომელიც საქართველოს თასი ფინალში ითამაშა და თან გოლი გაიტანა.
57-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან გეგეჭკორმა თბილისელთა საჯარიმოში
ზუსტი პასი გაუკეთა გიორგი ქიმაძეს, რომელმაც თავით დაარტყა და კოპალიანს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა.
63-ე წუთზე, ლაშა შერგელაშვილის მიერ სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, კოპალიანმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, მაგრამ მის წინ მარტო დარჩენილ კაბალიეროს აუღო.
79-ე წუთზე, გოლის გატანის შანსი ხელიდან თორნიკე ახვლედიანმა გაუშვა, რომელმაც თანაგუნდელის პასის მერე საჯარიმოში შეჭრილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა.
ცოტა ხანში, ირაკლი ბუღრიძის გადაცემის შემდეგ ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის რეალური შესაძლებლობა მათე ცინცაძემ ვერ გამოიყენა – ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
მატჩის ბოლო წუთზე გატანა ისევ ახვლედიანს შეეძლო, რომელიც კოპალიანის პირისპირ დარჩა, მაგრამ თბილისელთა მეკარეს ვერ აჯობა. დარჩებნილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და მომავალ წელს „ტორპედო“ უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
ფინალის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თოთლაძემ გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ ტორპედოს პრეზიდენტი დავით კერესელიძე, “ტორპედოს” გენერალური დირექტორი დავით დოლაბერიძე, “ლოკომოტივის” ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
ქუთაისელთა კაპიტანმა თასი სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებთან აიტანა და გამარჯვება ასე აღნიშნა.
ფინალური მატჩის მიმდინარეობისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კრისტალბეთის საერთო წამახალისებელი გათამაშება გაიმართა, რომლის ფარლგებშიც გამარჯვებულებმა კუთვნილი პრიზები – ლეპტოპი, ტელევიზორი და მობილური ტელეფონი მიიღეს.
„ტორპედო“ (ქუთაისი) – „ლოკომოტივი 2“ (თბილისი) 2:0 (0:0)
7 დეკემბერი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.
„ტორპედო“:
კვასხვაძე, სანდოხაძე (კ), შერგელაშვილი, მონტეირო, მანჯგალაძე (ტაბატაძე, 90+1), კუხიანიძე (ცინცაძე, 76), ქიმაძე (ბუღრიძე, 69), გიგაური, გეგეჭკორი, კაბალიერო (ახვლედიანი, 69), არაბიძე (შულაია, 69).
მთავარი მწვრთნელი:
კახა ჩხეტიანი.
„ლოკომოტივი 2“: კოპალიანი, შერმადინი, პირტახია, მენთეშაშვილი (ოზბეთელაშვილი, 72), კურტანიძე (მელიქიშვილი, 72), კიკნაძე (კ), ხინჩიაშვილი (ოქროპირიძე, 80), ხარაიშვილი, გაბაძე, ჭიაბრიშვილი (მუკბანიანი, 80), ანდრონიკაშვილი.
მთავარი მწვრთნელი:
ლაშა ჭაღიაშვილი.
გოლები: 1:0 კაბალიერო (53), 2:0 ქიმაძე (61)
გაფრთხილება:
მენთეშაშვილი (28), კაბალიერო (45), კიკნაძე (63), მონტეირო (74).
მთავარი მსაჯი:
ა. აფციაური