“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბ დონეცკის “შახტარში” ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა. ახალ კლუბში ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი მან 2027 წლამდე გააფორმა. გოჩოლეიშვილი “შახტარს” იანვრის პირველ რიცხვებში შეუერთდება.
“საბურთალოს” ხელმძღვანელებმა გოჩოლეიშვილი 2010 წელს ქუთაისში შეამჩნიეს, რის შემდეგაც თბილისური კლუბის აკადემიაში ჩაირიცხა. ის პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს – საერთო ჯამსი ჩატარებულ 85 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.
მან მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ჯერ ითამაშა (4 გოლი და 4 საგოლე პასი), 2 მატჩი საქართველოს თასზე გამართა, ხოლო 4 შეხვედრა უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. გოჩოლეიშვილმა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში 7-ჯერ ითამაშა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2022 წლის 17 ნოემბერს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მაროკოსთან 0:3 წაგებულ ამხანაგურ მატჩში შედგა.




