კატარის მუნდიალზე კიდევ ორი 1/8-ფინალისტი გაირკვა. დღეს, სტარტი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურმა აიღო და A ჯგუფში ორი მატჩი პარალელურად გაიმართა.
ნიდერლანდების ნაკრები კატარს დაუპირისპირდა და 2:0 უპრობლემოდ გაიმარჯვა. შეხვედრის 26-ე წუთზე ანგარიში კოდი გაკპომ გახსნა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. მან ჯგუფურ ეტაპზე 3 გოლი გაიტანა და მეოთხე ნიდერლანდელი ფეხბურთელია, ვინც ეს მუნდიალზე მოახერხა. მანამდე, იმავე იოჰან ნეესკენსმა (1974), დენის ბერგკამპმა (1998) და უესლი სნაიდერმა (2010) შეძლეს. თუმცა, გაკპო პირველი ნიდერლანდელია, რომელმაც თავი ჯგუფის სამივე მატჩში გამოიჩინა. 49-ე წუთზე თავი ფრენკი დე იონგმა გამოიჩინა და ლუის ვან გაალის გაწვრთნილმა ნიდერლანდებმა 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 71 წლის ვან გაალი მუნდიალების ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომლის დამოძღვრილმა გუნდმა 10 მატჩი (7 გამარჯვება და 3 ფრე) არ წააგო. ამ შემთხვევაში პენალტების სერიაში მარცხი არ ითვლება. მან ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის ვიტორიო პოცოს რეკორდი მოხსნა – 8 გამარჯვება და 1 ფრე. ნიდერლანდების ნაკრების არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრედ თამაშობს და ჯგუფიდან ყოველთვის გავიდა. კატარი პირველი მასპინძელი ქვეყანაა, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგო. გარდა ამისა, კატარის ნაკრებმა მუნდიალების ისტორიაში მასპინძელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაუშვა – 7.
დრამატულად განვითარდე მოვლენები ჯგუფის მეორე შეხვედრაშიმ სადაც სენეგალი ეკვადორს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. აფრიკელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭორდებოდათ, ხოლო ეკვადორს ამისთვის ქულაც ჰყოფნიდა.
44-ე წუთზე ისმაილა სარი ეკვადორელმა მცველმა თავის საჯარიმოში წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი დაზარალებულმა გოლად თავად აქცია. 67-ე წუთზე ეკვადორმა კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ფელიქს ტორესმა მოიგო, მოისეს კაისედომ კი ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე ეკვადორელებმა ჯარიმიდან მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდეს ბურთი, რომლის მოგერიება ენერ ვალენსიამ სცადა, მაგრამ პასი გამოუვიდა კულიბალის მისამართით, რომელმაც ერთი შეხებით გაიტან. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და სენეგალი 6 ქულით 1/8-ფინალში გავიდა. აფრიკელები მუნდიალის პლეი-ოფში მეორედ გავიდნენ. პირველად სენეგალი 1/8-ფინალში 2002 წელს მოხვდა, როდესაც გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ალიუ სისე, მაშინ სენეგალის კაპიტანი იყო.




