ბრაზილია მუნდიალის მეორე 1/8-ფინალისტია

0
49

საფრანგეთის ნაკრების შემდეგ, ბრაზილია მეორეა, რომელმაც კატარი 2022-ის 1/8-ფინალში თამაშის უფლება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურის ადრე მოიპოვა.
G ჯგუფში გამართული მეორე ტურის შეხვედრაში ბრაზილია შვეიცარიას დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისაა, რომ ტოტალური უპირატესობა ჰქონდა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 64-ე წუთზე ვინისიუსს ჟუნიორი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლი გაიტანა. თუმცა, არბიტრმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოსისტენტთან გადაამოწმა და საგოლე კომბინაციის დაწყებისას თამაშგარე მდგომარებაში რიშარლისონი აღმოჩნდა, რის გამო, ბურთი არ ჩაითვალა.
83-ე წუთზე ბრაზილიამ საუცხოო კომბინაცია გაითამაშა და როდრიგოს გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კაზემირომ გარე ტერფით იან ზომერს შორეულ კუთხეში გაუტანა.
„პენტაკამპეონები“ მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში ზედიზედ მეცხრედ გავიდნენ. ბრაზილიას ჯგუფურ ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონატებზე 2002 წლიდან მოყოლებული ზედიზედ 17 თამაშია არ წაუგია, რაც რეკორდია. ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატებში მიჯრით 2 თამაში მეათედ მოიგო.
ბრაზილიამ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა. შვეიცარია 3 ქულით მეორეა.
ამავე ჯგუფში დღის პირველ მატჩში სერბეთმა და კამერუნმა უხვგოლიანი ფრე ითამაშეს – 3:3.
შეხვედრის 29-ე წუთზე ანგარიში კასტელეტომ გახსნა. პირველი ტაიმისთვისს დამატებულ წუთზე საპასუხო ბურთი პავლოვიჩმა გაიტანა. ორ წუთში სერბები სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩმა დააწინაურა. 53-ე მიტროვიჩმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ასეთი უპირატესობის მიუხედავად სერბები მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. 63-ე წუთზე სერბების დაცვა ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა აბუბაქარმა საუცხოო გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე ბალკანელების უკანა ხაზი კიდევ ერთხელ შეცდა და ჩუპო-მოტინგმა კამერუნი მარცხს გადაარჩინა.
კამერუნი და სერბეთი თითო ქულით შესაბამისად მე-3 და მე-4 ადგილზე არიან.