საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ, წლის ბოლო შეხვედრა უკრაინელ თანატოლებთან, რომელიც გაისად ასევე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს ფრედ დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდი განვლილ სპარინგს დანაკლისით შეხვდა, რადგან ვირუსით გამოწვეული მაღალი ტემპერატურის გამო უკრაინასთან გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი და ლუკა თანდილაშვილმა ვერ ითამაშეს.
მატჩის დებიუტში უკრაინელმა მცველმა თავის ნახევარზე არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რომელიც გიორგი გულიაშვილმა ჩაჭრა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა გატანა გარე ტერფით ეცადა, მაგრამ კინარაიკინმა ბურთი ხელებში უპრობლემოდ დაფიქსირა. ტაიმის შუაწელში ირაკლი აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და გაგუას თავურის შემდეგ ბურთი უკრაინელ მცველს სხეულზე მიბჯენილ ხელზე მოხვდა – მასპინძლების მოთხოვნის მიუხედავად მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა პენალტი არ დანიშნა.
ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ კარიდან გამოსულმა კინარეიკინმა მუშტებითცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც გაგუს მიუვიდა და ქართველი ფორვარდის დარტყმული უკრაინელმა მეკარემ გაანეიტრალა. გაგუას აშკარად უკეთესად თამაში მართებდა. ერთ წუთში ნაკრების კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი კარს მცირე მანძილით გადაცდა. მასპინძლებს შეტევის ტემპი არ დაუგდიათ და უკრაინელთა საჯარიმო ხაზთან ახლოს მყოფი ნიკა ხორხელის დარტყმული ბურთი კინარეიკინმა ხელებში შეიმაგრა.
პირველ ტაიმსი ანგარიში გახსნიხ ყველაზე რეალური შანსი გულიაშვილს ჰქონდა, რომელიც მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და ხელსაყრელი პოზიციიდან მარცხენა ფეხით ძლიერად ვერ დაარტყა – კინარეიკინი ბურთს ადგილზე დახვდა. ტაიმის მიწურულს გიორგი მაისურაძემ კარგად დაუგდო ბურთი გულიაშვილს, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთმა ზედა ძელს ახლოს ჩაუარა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში მარცხენა ფლანგიდან უკრაინელი ფეხბურთელის პასის მერე, ლუკა კუტალაძე გამოსვლაზე შეცდა. თუმცა მასთან ახლოს მყოფ კაშჩუკს მაინც არ გაატანინა.
63-ე წუთზე ქართველების ნახევარზე კაშჩუკმა ბურთი კრასნოპირთან გაითამაშა და მეტოქის საჯარიმოში მარჯნიდან შეჭრილმა არცთუ ძალიან მახვილი კუთხიდან დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
70-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა უკრაინელთა ნახევარზე კაშჩუკს ბურთი აართვა და დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა – 1:1.
საქართველოს ნაკრებს დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა შეეძლო, მაგრამ მარჯვენა ფლანგიდან უკრაინელთა საჯარიმოში შეჭრილი გულიაშვილის გადაცემის შემდეგ, აზაროვმა კარგი პოზიციიდან დარტყმა დააგვიანა და საბოლოოდ, მომენტმა სიმწვავე დაკარგა. თამაშის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ახალგაზრდულმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა. აქვე გეტყვით, რომ დაპირისპირება კორექტული აღმოჩნდა და მსაჯს ყვითელი ბარათი არცერთი ფეხბურთელისთვის უჩვენებია.
საქართველო – უკრაინა 1:1 (0:0)
21 ნოემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
საქართველო: კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, მაისურაძე (კაპანაძე, 74), მექვაბიშვილი (კ), ნიკა ხორხელი (კვერნაძე, 58), ნიკა გაგნიძე (ოთარ მამაგეიშვილი, 74), გულიაშვილი (ფოცხვერია, 90+2), გაგუა (ლუკა ხორხელი, 90+2).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
უკრაინა: კინარეიკინი (ტვარდოვსკი, 46), ლიახი, იაკუბა, კუზიკი (ფარინა, 79), ჟელიჩკო, სლიუსარი, კულაკოვსკი (საპუჰა, 66), ბუნჩუკოვი (მიხაილენკო, 46), სინგეევი, კაშჩუკი, კრასნოპირი (პონჩარუკი, 84).
მთავარი მწვრთნელი: რუსლან როტანი.
გოლები: 0:1 კაშჩუკი (63), 1:1 ხვადაგიანი (70)
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.





