საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წაუგებელი სერია, რომელიც 11 მატჩისგან (9 გამარჯვება და 2 ფრე) შედგებოდა, დასრულდა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე წლის ბოლო მატჩში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოსთან დამარცხდა. მაროკოსთან სპარინგამდე საქართველოს ნაკრებმა ბოლოს 9 ოქტომბერს ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთთან 0:2 წააგო.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აფრიკელებმა ჩვენი გუნდი პირწმინდად დაჩაგრეს და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგრიში ლოგიკურია. სანიოლის დანიშვნის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა. ჩვენ გუნდს ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე აკლდნენ, ხოლო დავით ხოჭოლავა „კოპენჰეგენის“ თხოვნით დაასვენეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, ხოლო დაცვის ცენტრში საბა კვერკველია, გურამ კაშია და ლუკა ლოჩოშვილი მოქმედებდნენ. კაპიტანმა კაშიამ საერთაშორისო დონეზე 101-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ნაკრებში დებიუტი გიორგი გოჩოლეიშვილს ჰქონდა, რომელსაც მარჯვენა ფლანგი ებარა, ხოლო მარცხენა გიორგი წიტაიშვილს. ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია თამაშობდნენ, მათ წინ კი, მაგრამ ოდნავ მარჯვნივ ზურიკო დავითაშვილი იყო. გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე დავით ვოლკოვი განაწესეს.
შეხვედრის მე-7 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ზიეჩმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ბუფალმა თავით ახლო მანძილიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია, მაგრამ ენ ნესირიმ ასევე თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
გოლის გაშვებიდან ერთ წუთში კვეკვესკირმა მოედნის ცენტრიდან მაროკოელთა საჯარიმოში გახსნილი წიტაიშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით არაზუსტად დაარტყა. მე-12 წუთზე ზიეჩის პასის მერე ენ ნესირიმ ბურთი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მიიღო და მისი დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა ნახტომში გუნდი კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან იხსნა.
მე-15 წუთზე, საჯარიმოში ხაზიდან კიტეიშვილმა „ცაციათი“ დაარტყა და ბონომ მოიგერია ბურთი, რომელიც წიტაიშვილმა საჯარიმოში დააბრუნა, თუმცა ვოლკოვმა ხელსაყრელი პოზიციიდან ფეხი ააცილა. 27-ე წუთზე, სანიოლის გუნდმა შეტევაში ბურთი დაკარგა, რასაც აფრიკელების კონტრშეტევა მოჰყვა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ჰაკიმის დარტყმული მამარდაშვილმა გაანეიტრალა. 29-ე წუთზე, კაშიას გადაცემა ზიეჩმა ჩაჭრა და თავისი ნახევრიდან ბურთი კარიდან წინ გამოსულ მამარდაშვილს თავს ზემოთ გადაუგდო. საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ასეთი მანძილიდან გოლი პირველად გაუშვა.
32-ე წუთზე, მაროკოს კონტრშეტევა ჰაკიმიმ დაიწყო, რომელმაც საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ენ ნესირი მოძებნა, რომელმაც ქუსლით პასი ისევ ჰაკიმის გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. 35-ე წუთზე წიტაიშვილი ლევან შენგელიამ შეცვალა, რომელიც ნაკრებს დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში უნაის მარცხენა მახვილი კუთხიდან მამარდაშვილმა არ გაატანინა.
65-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ლოჩოშშვილის თავურის შემდეგ ბურთი მაროკოელთა კარს მცირე მანძილიდან აცდა. 71-ე წუთზე ჰამდალას დარტყმული ბურთი ჯერ კაშიას მოხვდა ზურგში, ხოლო შემდეგ კვერკველიას ხელში და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ნუფალმა გამოიყენა.
78-ე წუთზე თამაშში საბა საზონოვი ჩაერთო, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. 79-ე წუთზე, შენგელიამ ცრუ მოძრაობით მცველი ჩამოიცილა და დაარტყა – ბურთი კარს გადაცდა. საპასუხო შეტევაში ზაროურის დარტყმული მამარდაშვილმა აიღო. 82-ე წუთზე, საბა ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგზე მეტოქეს გაექცა და დიაგონალური პასი საპირისპირო ფლანგზე გიორგი ბერიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და ბონომ ბურთი ხელებში დააფიქსირა. ბერიძეს ამ ეპიზოდში უკეთესად თაამში შეეძლო. მატჩის მიწურულს მაროკოე;მა ფეხბურთელმა ბურთი თავის საჯარიმოსთან დაკარგა და ლობჟანიძის პასის შემდეგ, აბურჯანიამ არაზუსტად დაარტყა.
საქართველოს ნაკრების მომდევნო თამაშს 2023 წლის 23 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ ნორვეგიასთან ჩაატარებს.
მაროკო – საქართველო 3:0 (2:0)
17 ნოემბერი. შარჯა. სტადიონი „ასტად ალ შარჯა“.
მაროკო: ბონო; ჰაკიმი (მაზრაუი 46), აგერდი, საისი (ელ-იამიქი), ატიატ-ალალი; უნაი (ამრაბატი 46), ჟაბრანი, ამალა (შაირი 62); ზიეში, ენ ნესირი (ჰამდალა 46), ბუფალი
მთავარი მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგუი.
საქართველო: მამარდაშვილი; კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი; გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 78), აბურჯანია, წიტაიშვილი (შენგელია 35); კიტეიშვილი (ბერიძე 78), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62); ვოლკოვი (ქვილითაია 62)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 ენ ნესირი (5), 2:0 ზიეში (29), 3:0 ბუფალი (72, პენ)
გაფრთხილება:
მთავარი მსაჯი: ადელ ალ ნაქბი (მაროკო)
ლაშა თაბაგარი





