გიორგი მარგველაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „შკუპი“, სადაც ქართველი მცველი გამოდის შინ „სკოპიეს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. მარგველაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 22-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა – 2:1. მან მიმდინარე სეზონში „შკუპიში“ 11-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 3-ჯერ დაამწუხრა. „შკუპი“ 25 ქულით 11-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-17 ტურში პოზნანის „ლეხმა“ გასვლაზე „იაგიელონიას“ 2:1 აჯობა, საქართველოს ნაკრების გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა გამარჯვებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნიკა კვეკვესკირმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „ლეხი“ 28 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში ბაქოს „ნეფთჩიმ“ შინ „გაბალას“ 2:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ხოლო ვატო არველაძე მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. „ნეფთჩი“ 29 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ავსტრალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში „ნიუკასლ ჯეთსი“ სახლში „მელბურნ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებში ბექა მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა და 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბექა დარცმელია განაცხადში ვერ მოხვდა. „ნიუკასლ ჯეთსი“ 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.





