ყველა ტურნირში “ნაპოლის” 17-მატჩიანი (15 გამარჯვება და 2 ფრე) წაუგებელი სერია “ენფილდზე” შეწყდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად იურგენ კლოპის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მატჩის მიწურულს გაშვებული 2 გოლის გამო უქულოდ დარჩა.
კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველ ტრენტ-ალექსანდერ არნოლდს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. პირველ ტაიმში ის მასპინძლების საჯრიმოში შეიჭრა და არნოლდმა ზურგში ხელი უბიძგა, რის მერე, წაიქცა. ამ ეპიზოდში ალბათ მსაჯს პენალტის დანიშვნაც შეეძლო, მაგრამ სხვაგვარად განსაჯა.
მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ზუსტი პასი ინგლისელების კართან მყოფ ნორვეგიელ მცველ ოსტიგარდსაც გაუეთა, რომელმაც გოლი გაიტანა. თუმცა, რეფერის ვიდეოასისტენთან ხანგრძლივი გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ოსტიგარდი თამაშგარეში იყო და ბურთი არ ჩაითვალა. ამის შემდეგ მარჯვნიდან ოსიმენის გადაცემის მერე კვარაცხელიამ ახლო მანძილიდან დაარტყა და არნოლდის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი ალისონმა ხელებში დაიჭირა. ამ ეპიზოდში ხვიჩას ბურთი კარში ცოტა ძლიერად რომ გაეგზავნა, დიდი ალბათობით ანგარიშს გახსნიდა. კვარაცხელია 83-ე წუთზე ელმასმა შეცვალა. 85-ე წუთზე “ლივერპულმა” კუთხური ჩააწოდა და დარვინ ნუნიესის თავურის შემდეგ მერეტმა ბურთი მოიგერია, მაგრამ სალაჰმა ზუსტად დაამატა – 1:0. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე ნუნიესმა საბოლოო წერტილი დასვა.
“ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 5 გამარჯვების მერე პირველი თამაში წააგო და 15 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. “ლივერპული” ამდენივე ქულით მე-2 პოზიციაზე გავიდა.
A ჯგუფში მე-3 ადგილი და შესაბამისად ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური “აიაქსმა” მოიპოვა, რომელმაც სტუმრად “რეინჯერსს” 3:1 აჯობა.




