საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩები 11 და 14 ნოემბერს ელის. პირველ შეხვედრას ისლანდიაში გამართავს, მეორეს – თბილისში, იტალიასთან. გუნდის მთავარ მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ მატჩებისთვის მოსამხადებლად 17 კალათბურთელს უხმო: რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე, რევაზ როგავა, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე, გიორგი ტურძილაძე. ამ მოთამაშეთაგან ჩვენი ნაკრების ბერძენი სპეციალისტი მომაველი შეხვედრებისთვის განაცხადში 14 კალათბურთელს შეიყვანს.
ჩვენ ჯგუფს 5-5 მოგებით ესპანეთი და იტალია ლიდერობენ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამსვლელ მესამე ადგილზე კი პრეტენზიას საქართველოსთან ერთად ისლანდია და უკრაინა აცხადებენ. სადღეისოდ გამსვლელ პოზიციაზე ოთხი მოგებით ისლანდიელები არიან, ილიას ზუროსის ნაკრებს კი 3 მოგება აქვს. შანსს ინარჩუნებს უკრაინაც, რომელსაც ერთი მოგება აქვს (საქართველოსთან) და ნიდერლანდებთან ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს, ნიდერლანდები კი 6 წაგებით ბოლო ადგილზეა.