კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ბოლო 2 მატჩი დღეს შედგა. გორის „დილა“ ბოლნისის „სიონს“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. 25-ე წუთზე გორელებიდან ანგარიში ცოტნე მოსიაშვილმა გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა და მასპინძლების მეკარე ლევან ისიანის არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ბურთი კარში აღმოჩნდა – 0:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე „დილას“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ლუკა ხორხელი ანრი ჭიჭინაზემ წააქცია და ირაკლი კვირიკაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ივან ფოცხვერიამ გამოიყენა – 1:1.
77-ე წუთზე მოსიაშვილმა მასპინძლების საჯარიმოს ხაზიდან ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა კარის წინ მდგომ ონორე გომისს, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა – 1:2.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“ 49 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო „სიონი“ 30 ქულით – მეცხრეა.
მეტად საჭირო ქულები დაკარგა წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელიც სამეულში მოსახვედრად იბრძვის. გიორგი მიქაძის გუნდი სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „გაგრას“ შეხვდა და მხოლოდ ქულა აიღო – 1:1.
71-ე წუთზე მასპინძლებმა სტუმრებს ბურთი მათ მოედანზე აართვეს და ოთარ ფარულავამ შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა – 1:0. 85-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ნიკა კალანდარიშვილი შეიჭრა, რომლის დატყმის მერე ბურთი ხელში გიორგი გვიშიანს მოხვდა და არსენ ნონიკაშვილი ს მიერ დადებული თერთმეტმეტრიანი ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ გამოიყენა.
„სამგურალს“ 52 ქულა აქვს და მე-3 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო გაგა კირკიტაძის თავკაცობით „გაგრას“ 30 ქულა აქვს და მერვეა.






