„ბარსელონა“ „ინტერთან“ გადარჩა, „ბაიერნი“ სარეკორდო მაჩვენებლით 1/8-ფინალშია

0
17

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „ბარსელონამ“ მილანის „ინტერი“ მიიღო და წაგებას რობერტ ლევანდოვსკის წყალობით გადაურჩა. მასპინძლები მე-40 წუთზე უსმან დემბელემ დააწინაურა, ხოლო ნიკოლა ბარელამ ანგარიში 10 წუთში გაათანაბრა. 63-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა სტუმრები წინ გაიყვანა, ხოლო 82-ე წუთზე ლევანდოვსკიმ თანაფარდობა ისევ აღადგინა.
89-ე წუთზე „ინტერიდან“ თავი გოსენსმა გამოიჩინა, რომელსაც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გოლით ისევ ლევანდოვსკიმ უპასუხა. „ინტერს“ 7 ქულა აქვს და C ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო „ბარსელონა“ 4 ქულით მესამეა და დარჩებილ ორ ტურში ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს.
მატჩის შემდეგ „ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ შედეგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისი თქმით, როდესაც სახლში „ინტერს“ ვერ ამარცხებ, შემდეგ ეტაპზე გასვლას არ იმსახურებ. ხავიმ აღნიშნა, რომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევაზე ფიქრს უნდა მოეშვან და კონცენტრაცია ლა ლიგის მოგებაზე გააკეთონ.
C ჯგუფის მეორე შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად ჩეხეთის „პლზენს“ შეხვდა და 4:2 აჯობა. გერმანულმა გრანდამ წინა სეზონიდან მოყოლებული ჯგუფში ზედიზედ 11 მატჩი მოიგო, რაც ტურნირის რეკორდია. მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მიჯრით მეთხუთმეტედ გავიდნენ.