პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურში პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოდის, გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ ვარშავას „ლეგიას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
მასპინძლების სასტარტოში ჩვენი ნაკრების ექსკაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა ითამაშა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. გარემარბი გიორგი წიტაიშვილი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრები მე-80 წუთზე კაცნაკლული დარჩნენ, რადგან იაჯეიჩეკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მოქმედი ჩემპიონი „ლეხი“ 15 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლუბინის „ზაგლებიემ“ გასვლაზე ზაბჟეს „გურნიკს“ 3:2 სძლია. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი ლეგიონერი იყო – საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გარემარბმა თორნიკე გაფრინდაშვილმა მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. „გურნიკი“ 13 ქულით მეთორმეტეა.





