საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, უეფას ერთა ლიგის დასკვნითი, მეექვსე ტურის მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა. გიბრალტარში, ვიქტორია სთეიდიუმზე გამართულ საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა უპასუხა.
„ამ ნაკრებს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის ბოლომდე გვაქვს გათავისებული. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი გამარჯვება და ბურთების შეფარდება. სწორედ ეს არის მთავარი მოტივაცია, რათა სასურველი პოზიცია დავიკავოთ ოთხი ჯგუფის გამარჯვებულებს შორის. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო. სანაკრებო დებიუტი სწორედ გიბრალტართან მქონდა და ეს განსაკუთრებული მომენტი იყო ჩემთვის. 4:0 მოვიგეთ, ორი საგოლე გადაცემა შევასრულე და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გვაქვს. სასიამოვნოა, როდესაც იმ გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც რეკორდებს ამყარებს. ამაზე ფეხბურთელებმაც ვისაუბრეთ და ახალი რეკორდი იმის დასტური იქნება, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველა სწორად აკეთებს საკუთარ საქმეს.
ერთა ლიგის პირველმა გათამაშებამ ბევრი დადებითი მომენტი გვაჩუქა, რომელიც, სამწუხაროდ, არ დაგვირგვინდა ეროვნული ზეიმით. ეგ ტკივილი გვაქვს დარჩენილი და ძალიან დიდი მოტივაცია და სურვილია ამ გუნდში, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ და ეს ერთა ლიგა წარმატებით დავასრულოთ“.
ვიცეკაპიტანმა გურამ კაშიას სარეკორდო მატჩების რაოდენობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. გიბრალტართან თამაშის შემთხვევაში გურამ კაშიას ეროვნულ ნაკრებში გამართული მატჩების რაოდენობა 100 გაუტოლდება.
“გურამ კაშიაზე სასაუბროდ მთელი დღე არ მეყოფა. ყველანაირ დადებით სიტყვას იმსახურებს აღმატებულ ხარისხში. სიტყვა პროფესიონალზე, პირველი, სწორედ ის მახსენდება. ამაყი ვარ, რომ შემიძლია ჩემ თავს მისი მეგობარი ვუწოდო. თუ ვინმე იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს და ერქვას ნაკრების ფეხბურთელი, ეს გურამ კაშიაა თავისი სიყვარულით, ვნებით ფეხბურთის და პროფესიის მიმართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ თამაშს ითამაშებს ჩვენთან ერთად და დაგვეხმარება, რომ გავიზარდოთ, როგორც პროფესიონალები და როგორც ადამიანები. არა მარტო ახალგაზრდები, არამედ მეც ამ ასაკში ძალიან ბევრს ვსწავლობ მისგან როგორც სტადიონზე, ისე მის ფარგლებს გარეთ”.




