დავით ვოლკოვმა, რომელიც „საბაჰს“ ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-7 ტურში ბაქოელებმა თოვუზის „თურანი“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, როდესაც პარტნიორის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარის წინ მდგომმა ორ მცველს დაასწრო. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 7-ჯერ ითამაშა. „თურანში“ მოთამაშე ქართველი ლეგიონერებიდან იმედა აშორტია შეცვლაზე 85-ე წუთზე შევიდა, ხოლო ფირუზ მაგრაქველიძე განაცხადში არ იყო. „საბაჰი“ 16 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო „თურანი“ 10 ქულით მეხუთეა.
გათამაშებას 18 ქულით ბაქოს „ნეფთჩი“ ლიდერობს, რომელმაც სტუმრად „საბაილს“ 2 უპასუხო გოლი გაუტანა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სოლომონ კვერკველია გამარჯვებულთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ხოლო ვატო არველაძე ტრავმირებულია და ბაქოელებს ვერ ეხმარება.





