საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი მფლობელი თბილისის „საბურთალო“ ტიტულის დასაცავად ბრძოლას განაგრძობს. 1/8-ფინალში თბილისელები სტუმრად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის „მერანს“ შეხვდნენ და დამატებით დროში გაიმარჯვეს.
შეხვედრის მე-4 წუთზე „საბურთალოდან“ ანგარიში იური ტაბატაძემ გახსნა. მე-6 წუთზე საპასუხო ბურთი შეიკნე სილამ გაიტანა, ხოლო მე-17 წუთზე დათა წულაიამ მასპინძლები წინ გაიყვანა. 68-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გაათანაბრა.
გამომდინარე იქიდან, რომ 90 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებითი დრო დაინიშნა და ლევან ნონიკაშვილის მიერ მე-100 წუთზე გატანილი გოლით „საბურთალო“ 1/4-ფინალში გავიდა.
1/8-ფინალის ეტაპი ქუთაისის „ტორპედომაც“ დაძლია, რომელმაც თბილისში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ის ბინადარ „სპაერს“ 1:0 აჯობა. ქუთაისელებიდან ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ გაიტანა.





