ჩაკვეტაძე „სლოვანში“ გამორჩეული იყო – კაშიას და კანკავას არ უთამაშიათ

0
54

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი უიღბლოდ დაიწყო. სლოვაკებმა H ჯგუფის პირველ ტურში ვილნიუსის „ჟალგირისს“ უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მხოლოდ ქულა აიღეს – 0:0.
„სლოვანში“ ქართველი ლეგიონერებიდან ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია თანაგუნდელებს ჯანმრთლეობის პრობლემის გამო ვერ დაეხმარა, ხოლო ჯაბა კანკავამ ლიეტუველებთან პლეი-ოფში მიღებული წითელი ბარათის და დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშა.
ჩაკვეტაძე თავის გუნდში ყველაზე აქტიური იყო და პირველ ტაიმში მეტოქის კარის მიმართულებით ორჯერ დაარტყა, მაგრამ ბურთი ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და ბურთი თავზე რამირესს „დაასვა“, რომელსაც ახლო მანძილიდან უნდა გაეტანა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა.
ამ ეპიზდოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ჩაკვეტაძე სტუმართა ერთ ფეხბურთელს გაცდა, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ოდნავ მახვილი კუთხიდან ბურთი „ჟალგირისის“ მეკარეს ვერ ააცილა. ეს შეხვედრაში ყველაზე სახიფათო მომენტი იყო. დარჩენილ დროში ვლადიმირ ვაისის შეგირდები კი უტევდნენ, თუმცა, გოლი ვერ გაიტანეს. „ჟალგირისს“ რაც შეეხება, ბევრმა ამ გუნდის კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრა სენსაციად მიიჩნია, მაგრამ ვილნიუსელებმა, რომელთა სასტარტო შემადგენლობაში 10 ლეგიონერი იყო და მხოლოდ მეკარე გერტმონასი გახლდათ ლიეტუველი, საკმაოდ გამართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.