ზივზივაძე ლიდერთან დამარცხდა, ხარაიშვილი განაცხადში დაბრუნდა

0
54

„ფეჰერვარს“, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, უნგრეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტი გამოუვიდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის გუნდმა, რომელიც კოფენერს ლიგას პლეი-ოფში გამოეთიშა, შიდა ჩემპიონატში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.
მე-5 ტურში „ფეჰერვარი“ სტუმრად ლიდერ „კიშვარდას“ შეხვდა და 1:3 წააგო. ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა.
მან მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა, ხოლო კონფერენს ლიგაში 6 მატჩში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო. „ფეჰერვარი“ 3 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
მუხლის ტრავმით გამოწვეული დიდი ხნის პაუზის შემდეგ, უნგრეთის მოქმედი ჩემპიონის „ფერენცვაროშის“ განაცხადში გიორგი ხარაიშვილი მოხვდა, რომელმაც ბოლო 2021 წლის 4 აპრილს ითამაშა. „ფერენცვაროშმა“ შინ „ჰონვედს“ 3:1 სძლია და 26 წლის ქართველი თამაშში არ ჩართულა. ბუდაპეშტელები 9 ქულით მე-2 პოზიციაზე არიან.