„დილამ“ ზედიზედ მესამედ წააგო, „სიონმა“ მოუგებელი სერია შეწყვიტა

0
28

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა 23-ე ტურში გორში ბოლნიის „სიონს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო.
25-ე წუთზე „სიონის“ მცველმა იური მესიაჩენკომ თავის საჯარიმოსთან ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც უკრაინელმა ლეგიონერმა იური ბატიუშინმა ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი ლამაზი გოლი გაიტანა.
48-ე წუთზე გორელთა მცველმა ანრი ჭიჭინაძემ თავის საჯარიმოში ნიკა ხორხელი წააქცია და მთავარი მსაჯის ჯენერი ხორავას მიერ დანიშნული პენალტი ივანე ფოცხვერიამ გოლად გარდასახა.
58-ე წუთზე ნიკა ხორხელმა ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა და სტუმართა ფრანგმა ლეგიონერმა ფორვარდმა გი გნაბუიუმ თავით კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და უჩა სოსიაშვილი ხელმძღვანელობით „სიონმა“ ჩემპიონატის განახლების მერე პირველი შეხვედრა მოიგო.