დინამოს ახალი კაპიტანი ჰყავს, გიორგი პაპავას შემდეგ თბილისური კლუბის კაპიტნის სამკლავურს დავით სხირტლაძე მოირგებს.
დავით სხირტლაძე: “საქართველოში დინამოს ყოველთვის ყველაზე მეტი მოეთხოვება. ეს განსაკუთრებული კლუბია და გულშემატკივრებს ყოველთვის წარმატების მოლოდინი აქვთ. ყოველ წელს ჩემპიონობა მოგვეთხოვება და არამარტო ეს, დინამოს ქომაგს ყოველთვის სანახაობრივი თამაში სურს. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში კაპიტანს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ვთვლი, რომ მზად ვარ ამისთვის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სწორად წარმოვაჩინო ჩემი თავი, ჩემი გუნდი და ჩემი ქალაქი”.
სხირტლაძე დინამოელთა რიგებს პირველად 2020 წლის სეზონის დასკვნით ეტაპზე შეუერთდა, 3 გოლი გაიტანა და ლურჯ-თეთრების ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა. სხირტლაძის მომდევნო კლუბი დანიური ვიბორგი გახლდათ. გამოცდილი ფორვარდი დინამოში 2021 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა, ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
დავით სხირტლაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, ეროვნული ნაკრების მაისური კი, მას ოთხჯერ აქვს მორგებული.
გუნდის პირველი ვიცეაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცეკაპიტანი – ჯიმი ტაბიძეა.
ახალი კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნების შესახებ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:
“დავით სხირტლაძე ლიდერის თვისებებით გამოირჩევა და ამასთან ერთად მას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. თანაგუნდელებთან შესანიშნავი კომუნიკაცია აქვს და ახალგაზრდა მოთამაშეებზე სწორ გავლენას ახდენს. ჩემი აზრით მას აქვს ყველა თვისება რაც “დინამოს” კაპიტანს სჭირდება.
რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, ის ჩვენი აკადემიის აღზრდილია და შესაძლოა ითქვას, რომ “დინამოს” კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. იგი გუნდში ვიცეკაპიტნის სტატუსით დამხვდა და ვფიქრობ, რომ ის ამას სრულად იმსახურებს. მექვაბიშვილს ყველა ასაკობრივი გუნდი აქვს გამოვლილი და საკუთარი შრომით მიაღწია იმას რაც დღეს აქვს. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი სამაგალითოა.
მეორე ვიცეკაპიტანი ჯიმი ტაბიძე იქნება, მან კარგად იცის ყველა ჩემი მოთხოვნა და სხირტლაძის მსგავსად დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ამასთან ერთად იგი ძალიან კარგი ადამიანია, კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს და გუნდის ლიდერობა შეუძლია. ვფიქრობ, რომ იგი თავისი ქცევით და პროფესიონალიზმით ჩვენს გუნდში სამაგალითოა”.





