სერბეთი პირველია, საქართველო მეთერთმეტე

0
20

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშება მე-11 ადგილზე დაასრულა.
ტურნირში 19 ნაკრები იყო ჩართული, მილოშ გლიგორიევიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი კი მიზნად საუკეთესო სამეულში მოხვედრასა და შესაბამისად, A დივიზიონში აღზევებას ისახავდა, ამდენად, აღნიშნულ შედეგს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო შეხვედრა კოსოვოსთან ჩაატარეს, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე 92:59 ჰქონდათ მოგებული, ამჯერად კი, მეტოქეს კიდევ უფრო დამაჯერებლად აჯობეს – 116:79.
ქართველმა 20-წლამდელებმა განსაკუთრებით კარგად ესროლეს პერიმეტრიდან (30-დან 18 ზუსტი სამქულიანი, 60%), თუმცა, არც 2-ქულიანებში ჰქონიათ ცუდი მაჩვენებელი – 39-დან 25 (64.1%). მასპინძლებმა სტუმრებს პასებში 32:17 აჯობეს, ჩაჭრებში – 11:3 და შეცდომები თითქმის ორჯერ ნაკლები ჰქონდათ – 10:19.
საქართველოს ნაკრებში 30 ქულით ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გამოირჩა (მან 11-დან 8 სამქულიანი ჩააგდო), მერაბ შენგელიამ 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ვლადიმერ სალარიძეს 16 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა, ვლადიმერ თავაქარაშვილს კი – 16 ქულა და 5 პასი.
თბილისის ტურნირზე ქართველმა 20-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 7 მატჩი ჩაატარეს და 4 მოიგეს. კოსოვოს გარდა, იყო გამარჯვებები ავსტრიასთან (81:65) და ნიდერლანდებთან (67:53), ხოლო მარცხი განვიცადეთ შვედეთთან (67:77), მაკედონიასთან (73:76) და ირლანდიასთან (52:75).


პირველი ადგილისთვის მატჩში სერბეთმა ისლანდიას 81:67 მოუგო. ეს ორივე ნაკრები მომავალ წელს A დივიზიონში ითამაშებს. ამავე დივიზიონში დაწინაურდა ესტონეთიც, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფინეთს 63:53 სძლია.

გოჩა კაჭარავა