საქართველოს U16 ნაკრებმა რიგაში ლატვიას მეორედაც მოუგო

0
40

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება ლატვიელთა ძლევით დაასრულა. მთლიანობაში, ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ლატვიაში 3 სპარინგ-მატჩი გამართა, საიდანაც სამივე მოიგო. ქართველებმა თავდაპირველად ესტონეთს სძლიეს, შემდეგ კი – გუშინ და დღეს ლატვიის მძლავრ გუნდს აჯობეს.
აღსანიშნავია, რომ ლატვია “ა”დივიზიონშია და თავის მხრივ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. ჩვენი ნაკრები კი “ბ” დივიზიონშია და 11-20 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მოუწევს ასპარეზობა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ბელგია, ესტონეთი, კვიპროსი, უნგრეთი და ავსტრია ეყოლებათ.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მისი ბედი ბოლო წუთებზე, დაძაბულ ბრძოლაში ქართველთა სასარგებლოდ გადაწყდა. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა დასკვნით წუთებზე ქართველმა კალათბურთელებმა იძალეს და ელიტაში მყოფ გუნდს ბოლო 2 დღეში მეორე წაგება აგემეს – ამჯერად 66:63.
ჩვენს ნაკრებში 19 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პასით ნიკოლოზ აბულაძე გამოირჩა. 16 ქულა და 5 მოხსნა გოგიტა ბუკიას ანგარიშზეა, ლუკა მუჯირიშვილის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ლატვიიდან გამთენიისას ჩამოფრინდება და ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონისთვის მზადებას განაგრძობს.