თბილისის “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ ლაშა ნოზაძის თქმით, ბუქარესტის “სტიაუას” პატივს სცემენ, მაგრამ არ ეშინიათ. მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ რუმინელებთან შინ ჩასატარებელი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გაანცხადა.
ლაშა ნოზაძე: “ამ გუნდს ჩემი წარდგენა არ სჭირდება. დღესდღეობით ძველებურად კარგ ფორმაში არ არიან, თუმცა მაინც ძალიან ძლიერი გუნდია. ორჯერ პლეი-ოფში იყვნენ და ჯგუფში ვერ შევიდნენ. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, თუმცა არ გვეშინია. დარწმუნებული ვარ ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს.
“პარტიზანთან” თამაშის შემდეგ ჯგერენაიამ ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვით გამოგვაკლდა. სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდის აღზრდილი ბექა ქურდაძე დაგვიბრუნდა. არ მინდა რაღაც რაღაცეებზე წინასწარ ვილაპარაკო. მწვრთნელისთვის დიდი ბედნიერებაა როცა გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს.
“პარტიზანს” აქაც ვაჯობეთ და სტუმრადაც კარგად ვეთამაშეთ. გორში მეტოქე სტატისტიკურად დავჩაგრეთ, თუმცა დავმარცხდით. ალბანეთში თავისუფლად, ლაღად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
მეტოქე დეტალურად შევისწავლეთ, ყველაფერი თამაშის დღეს გამოჩნდება. სტიაუა ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. სისუსტეები მათაც აქვთ და ვეცდებით ამით ვისარგებლოთ. შინ ვთამაშობთ და შანსი 50/50-ზეა. იმედია მაყურებლები მოვლენ და მხარს დაგვიჭერენ”.
ლევან კაკუბავა: “მწვრთნელმა მოწინააღმდეგე კარგად შეაფასა. ისტორიულ გუნდს ვეთამაშებით. ყოველ წელს 2-3 ეტაპს გადიან და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ყველაფერი ხვალ გამოჩნდება.
გუნდი კარგად გავშიფრეთ, “სტიაუას” კარგი შემტევი პოტენციალი აქვს. ევროტურნირებზე დაცვამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს. ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ძლიერ შეტევას კარგად დავხვდეთ”.
“საბურთალო” – “სტიაუას” პირველი შეხვედრა 21 ივლისს “დინამო არენაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მთავარი ნიუსი ლაშა ნოზაძე: “მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, თუმცა არ გვეშინია”