“ნაპოლიმ” კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

0
14

“ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
“პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სიხარულით იუწყება, რომ “ნაპოლიმ” ბათუმის “დინამოსგან” ხვიჩა კვარაცხელიას სპორტული უფლებები მთლიანად შეიძინა” – ნათქვამია ნეაპოლლეთა ოფიციალურ ვებგვერდზე.
“ნაპოლის” ტვიტერის გვერდზე კვარაცხელიას თავად დე ლაურენტისი მიესალმა, რომელმაც დაწერა: “კეთილი იყოს შენი მობრძანება. ზღვისა და ცის ფერი იყოს შენი სულისა და ფეხების იდენტობის ფერი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს “ნაპოლის” კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას”.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიამ ნეაპოლურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ნაპოლის” საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო თავად ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება.
კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც სერია A-ში ითამაშებს. მანამდე, იტალიის უმაღლეს დივიზიონში კახა კალაძე (“მილანი”, “ჯენოა”) და ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, “პალერმო”) გამოდიოდნენ.