ჭიაბრიშვილმა „დინამოში“ რიხიანად დაიწყო

0
43

თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მან „დინამოში“ კახა ცხადაძე გუშინ შეცვალა, ხოლო დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში გუნდს „გაგრასთან“ უხელმძღვანელა.
22-ე წუთზე ოსეი ბარნსის გადაცემის შემდეგ, „გაგრას“ საჯარიმოში მყოფმ გვინეელმა უსმანე კამარამ დაახლოებით 12 მეტრიდან თავით დაარტყა და ბექა ქურდაძის კარის მარჯვენა „ცხრიანში“ გაიტანა -1:0. ცოტა ხანში, კამარას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მარჯვნიდან თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ვერ შეაგდო.
52-ე წუთზე, კამარამ მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და „გაგრელთა“ კაპიტან ვასილ ხოსიტაშვილს გაცდა, რომელმაც საბოლოოდ წააქცია – მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ზუსტად გიორგი მოისწრაფიშვილმა დაარტყა – 2:0.
58-ე წუთზე, „დინამოს“ კონტრშეტევის დროს ნიკა მალიმ მარჯვნიდან ჩააწოდა და კამარამ ვერ დაარტყა, მაგრამ პასი ოსეი ბარნსის მისამართით გამოუვიდა, რომლის დარტყმის მერე, ბურთი ჯერ ერთ ძელს მოხვდა, შემდეგ მეორეს და კარში აღმოჩნდა – 3:0.
74-ე წუთზე, დავით სხირტლაძემ ბურთი მკერდით მიიღო და საუცხოო პასით სტუმართა მეკარესთან პირისპირ ანზორ მექვაბიშვილი დატოვა, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა – 4:0. 83-ე წუთზე მარცხნიდან ნიგერიელი გოდფრი სტეფენის გადაცემის მერე, ტრავმის მორჩენის შემდეგ მწყობრში ჩამდგარმა სხირტლაძემ მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა – 5:0
„დინამომ“ თავი 35 ქულას მოუყარა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გაგა კირკიტაძის ხელმძღცანელობით „გაგრამ“ ზედიზედ 6 მატჩი წააგო და 17 ქულით მერვეა.