კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით სძლია.
მატჩის 37-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ვაგნერ გონსალვესმა კუთხური ჩააწოდა და თორნიკე კაპანაძე, რომელმაც მცველებს დაასწრო ორიგინალური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ პაატა ღუდუშაური მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
73-ე წუთზე სტადიონზე შუქი ჩაქრა. სხვათა შორი, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ მსგავსი რამ 3 ივნისს საქართველოსა და რუმინეთის 21-წლამდელთა ამხანაგური მატჩის მსვლელობის დროსაც მოხდა.
ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 10 წუთში აღდგა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ „დილას“ ზედიზედ 5 თამაშია (3 ფრე და 2 გამარჯვება) არ წაუგია, ხოლო გიორგი მიქაძის დამოძღვრილი „სამგურალის“ 11-მატჩიანი (7 გამარჯვება და 4 ყაიმი) დაუმარცხებელი სერია შეწყდა.
„სამგურალმა“ 33 ქულით მე-3 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „დილა“ ამდენივე ქულით მეოთხეა.





