რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის ბუნდესლიგის ბომბარდირი მეშვიდედ გახდა. ბოლო, 34-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც წელს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეათედ მოიიგო, სტუმრად „ვოლფსბურგს“ დაუზავდა- 2:2.
პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ერთი ბურთი გაიტანა და 35 გოლით საუკეთესო მეგოლე გახდა. მისთვის ეს შედეგი ბუნდესლიგაში მეორეა – შარშან მეტოქეთა კარი 41-ჯერ აიღო. მან ლეგენდარული აწ გარდაცვლილი გერ მიულერის რეკორდი გაიმეორა, რომელიც საუკეთესო ბომბარდირი ასევე 7-ჯერ გახდა. თუმცა, ლევანდოვსკიმ ეს ტიტული მიჯრით 5-ჯერ მოიგო, რაც მანამდე ვერავინ მოახერხა.
პოლონელმა „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში 50 გოლი მიითვალა – მან გერმანიის ჩემპიონატის 34 მატჩში თავი 35-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგის 10 შეხვედრაში – 13-ჯერ, ხოლო გერმანიი სუპერთასზე დუბლი შეასრულა.
მატჩის შემდეგ 33 წლის პოლონელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო „ბაიერნის“ მაისურით. ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ სრულებით შესაძლოა ასეცაა. ჩვენ გვსურს ჩემთვის და კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ“.





