გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ბრატისლავის „სლოვანთან“ ერთად სლოვაკეთში „ოქროს დუბლი“ ვერ შეასრულეს. სლოვაკეთის თასის ფინალში მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ ტრნავის „სპარტაკს“ შეხვდა და 1:2 წააგო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, ხოლო ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 50-ე წუთზე მუსტაფიჩმა დააწინაურა. ტრნაველებიდან 52-ე წუთზე საპასუხო ბურთი ბუკატამ გაიტანა. ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც „სპარტაკიდან“ 113-ე წუთზე თავი დუიანმა გამოიჩინა და საკუთარ გუნდს თასი მოაგებინა.
ფინალში „სლოვანის“ ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. კანკავამ 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.





