კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მე-2 შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა სამი ქულა მატჩის მიწურულს მოიპოვა.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა, რაც თბილისის „დინამოსთან“ მომხდარი ინციდენტის გამოძახილია. ქუთაისელები სათამაშოდ ისევ მწვრთნელმა ანალიტიკოსმა თორნიკე შეყრილაძემ გაიყვანა, რადგან გუნდს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს, ხოლო შოთა ბაბუნაშვილი, რომელიც დროებით „ტორპედოს“ თავკაცობას ითავსებს დისკვალიფიცირებულია.
შეხვედრის პირველ ტაიმში მცირე სათამაშო უპირატესობას „ტორპედო“ ფლობდა, რომლის რიგებში აკაკი შულაია აქტიურობდა. ის ყოფილი გუნდის კარს სამჯერ დაემუქრა, მაგრამ უშედეგოდ. ასევე, დასამახსოვრებელი მათე ცინცაძის საჯარიმო დარტყმა იყო, თუმცა, თორნიკე მეგრელიშვილმა მისგან მარჯვენა კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ბექა ვაჩიბერაძემ კარი პასით შულაია თბილისელთა მეკარეს შეატოვა, მაგრამ მასპინძლების შემტევის დარტყმული ბურთი მეგრელიშვილმა ფეხით მოიგერია.
თავის მხრივ, გოლის გატანის შანსი „საბურთალოსაც“ ჰქონდა, როდესაც ლევან ნონიკაშვილმა გამოზომილი გადაცემით მეტოქის საჯარიმოში ნოდარ ქავთარაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით არაზუსტად დაარტყა.
86-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ქუთასელთა საჯარიმოში მცველების უკან გახსნილ იური ტაბატაძეს საუცხოო პასი შეაყოლა, ხოლო სტუმართა კაპიტნის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ლაშა შინდაგორიძემ ერთი შეხებით გაიტანა – 0:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „საბურთალოს“ მეორე გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც გიზო მამაგეიშვილმა „ტორპედოს“ კარის დარაჯთან პირისპირ გიორგი გულიაშვილმა გაიყვანა, თუმცა თბილისელი ფეხბურთელის დარტყმული როინ კვასხვაძემ ფეხით გაანეიტრალა.
„საბურთალომ“ 21 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა, ხოლო „ტორპედო“ 11 ქულით მერვეა.




